რამდენიმე წუთში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ლონდონი-ბათუმის რეისი დაეშვება. სამშობლოში დიდი ბრიტანეთიდან 180 მოქალაქე ბრუნდება. ფრენას კომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" ახორციელებს. ბორტზე ეკიპაჟის წევრები საგანგებო აღჭურვილობით იმყოფებიან.
მგზავრებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში უკვე ელოდებიან სპეციალისტები, რომლებიც მათ შეამოწმებენ და შედეგების მიხედვით საკარანტინო ზონებში ან კლინიკებში გადაიყვანენ. სამშობლოში 180 ადამიანი ბრუნდება, მათ შორის არიან განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები და სტუდენტებიც.
გამომგზავრებამდე, საქართველოს მოქალაქეები "კურიერს" ესაუბრნენ.
"რამდენიმე ბილეთი გამიუქმდა, მას შემდეგ ვცდილობდი როგორმე დავბრუნებულიყავი საქართველოში ჩემს შვილებთან, მაგრამ მიუხედავად რამდენიმე ცდისა, არც ერთმა ბილეთმა არ გაამართლა. ამის შემდეგ დავუკავშირდი საქართველოს საკონსულოს დიდ ბრიტანეთში და რამდენიმე ზარის შემდეგ გამოხატეს სურვილი, რომ დამხმარებოდნენ. აქ არის ძალიან ბევრი ქართველი, ვისაც სამშობლოში დაბრუნება უნდა,"- აცხადებს ლონდონი-ბათუმის რეისის მგზავრი, თეა სულამანიძე.
საგარეო საქმეთა სამინისტროში კი აღნიშნავენ, რომ საქართველოს მოქალაქეების დაბრუნება საქართველოში ეტაპობრივად მოხდება.