18 ნოემბერი 2024,   18:35
ვრცლად
კორონავირუსის გზა ეროვნული ბანკის საცავიდან ლენტეხამდე - რა ვითარებაა მესამე ჩაკეტილ მუნიციპალიტეტში

ლენტეხის მოსახლეობისთვის გარე სამყაროსთან პირდაპირი კონტაქტი დასახლებებში მკაცრი საკარანტინო რეჟიმის ამოქმედებით შეიზღუდა. მუნიციპალიტეტის 60 სოფელში მცხოვრები შვიდი ათასზე მეტი ადამიანი იზოლაციაში მოხვდა.

მას, ვინც ლენტეხის მუნიციპალიტეტში არ ცხოვრობს, წითელ ზონაში მყოფ ადამიანებთან საუბარი მხოლოდ დისტანციურად შეუძლია. სწორედ ამ გზით უყვებიან გამშვებ პუნქტებს მიღმა დარჩენილი ადამიანები "კურიერს" იქ არსებულ ვითარებას. მათი ნაწილი ნერვიულობს, რომ საკარანტინო შეზღუდვების გამო მიწაზე საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარება ფერხდება.

ადგილობრივების ყოველდღიურობა ვირუსის განვითარების გზამ შეცვალა - ეროვნული ბანკის საცავიდან ლენტეხამდე. სოფელ მელეში, სადაც ვირუსით ინფიცირების შემთხვევები იზრდება, ეპიდემიოლოგები ახლაც მუშაობენ. დღეს გამოვლინდა კიდევ 2 საეჭვო პაციენტი, რომელთაც მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდათ.

ლენტეხის მუნიციპალიტეტი და სოფელი მელე მაღალი რისკის ზონად მას შემდეგ გამოცხადდა, რაც იქ 4 ადამიანს კორონავირუსი აღმოაჩნდა. დაინფიცირებულები კონტაქტში იყვნენ თბილისიდან ლენტეხში ჩასულ მამაკაცთან, რომელსაც კორონავირუსი 2 დღის წინ აღმოაჩნდა და რომელიც ეროვნული ბანკის კლასტერს წარმოადგენს. აღნიშნული პირი კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებამდე იმყოფებოდა სოფელ მელეშიც.

ლენტეხი მესამე მუნიციპალიტეტია მარნეულთან და ბოლნისთან ერთად, სადაც მკაცრი საკარანტინო რეჟიმია. თავისუფლად გადაადგილება იკრძალება ყველგან, მათ შორის ჟურნალისტებისთვისაც. მკაცრად კონტროლდებიან ის კომპანიებიც, რომლებიც რისკ-ზონაში სასურსათო მაღაზიებს ამარაგებენ.

ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში საკონტროლო გამშვები პუნქტებისთვის სამი ადგილი შეარჩიეს - ცაგერის შესასვლელთან, რომელიც ცნობილია, როგორც ე.წ. გელავერის უღელტეხილი. მეორე ლოკაცია არის მურის ციხე - აქ კონტროლდება ლენტეხში მიმავალი გზა. ასევე, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დგანან სოფელ ალპანაში, ცაგერის რაიონში.

დღის ამბები