აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ, 70 წელს გადაცილებულ 3000-მდე დევნილს, რომლებიც განსაკუთრებულ რისკჯგუფს მიეკუთვნებიან სასურსათო პროდუქტი და სააღდგომო ნობათი გადაეცემა.
სურსათი, ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილ ბენეფიციარებს უკვე დაურიგდათ. ამასთან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა კომბინატის დასახლებაში ბენეფიციარებს სურსათი და სააღდგომო ნობათი მიუტანეს.
პირველადი სასურსათო პროდუქტი სხვადასხვა დასახლებაში მყოფ დევნილებს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადასცეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით სასურსათო პროდუქტის დარიგება მომდევნო დღეების განმავლობაშიც გაგრძელდება.
აფხაზეთის მთავრობა აქციას მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს.