ქვემო სვანეთში იმ ორი პაციენტის პასუხს ელოდებიან, რომლებსაც მაღალი ტემპერატურა გუშინ დაუფიქსირდათ. ისინი ამ ეტაპზე თვითოზოლაციაში იმყოფებიან.
ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომის არსებობის შესახებ კი, სპეციალისტებმა მაშინ გაიგეს, რაც რეგიონში ადგილობრივების თერმოსკრინინგი აქტიურად დაიწყო.
აღნიშნული პაციენტების ანალიზის პასუხები, შესაძლოა დღის ბოლომდე გახდეს ცნობილი. ისინი ლენტეხის ცხელების ცენტრში იმყოფებიან.
დღეს დილიდან რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე რეგიონის წითელ ზონაში იმყოფებოდა.
რწმუნებული მედიკოსებსა და სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ თერმოსკრინინგის ახალი აპარატები გადასცა.
"დღეს დილიდან დავიწყეთ მასობრივი თერმოსკრინიგი. გადავეცით დისტანციური თერმომეტრებიც. 9 ჯგუფია შექმნილი, სოფლის ექიმებითა და სოფლის რწმუნებულებით დაკომპლექტებული. მასიური თერმოსკრინინგი ჩაუტარდება დაახლოებით 5 000-მდე მაცხოვრებელს და ზეგ საღამოს ჩვენ სრული სურათი გვექნება, თუ რა ვითარებაა ამ კუთხით ლენტეხის მუნიციპალიტეტში," - განაცხადა ჯაფარიძემ.
ადგილობრივების თქმით, აფთიაქებსა და სუპერმარკეტებს, ამ ეტაპზე სადისტრიბუციო კომპანიებისა და სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლები ყოველდღიურ რეჟიმში ამარაგებენ.