27 აპრილი 2024,   05:07
ვრცლად
სოფელ გომში 36 წლის ქალის ინფიცირების წყარო უცნობია - ის და ოჯახის 5 წევრი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს

სოფელ გომში ვირუსის გავრცელების რეალური საფრთხე მას შემდეგ გაჩნდა, რაც 36 წლის ქალს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. ახალგაზრდა ქალი ხაშურის რაიონში ოჯახის წევრებთან - მეუღლესთან, 2 შვილთან და მამასთან ერთად საკუთარ სახლში თბილისიდან რამდენიმე კვირის წინ ჩავიდა. არსებული ინფორმაციით, ბოლო 5 დღე თავს შეუძლოდ გრძნობდა. "კოვიდ 19"-ზე ანალიზი სახლში გაუკეთდა და დღეს ლუგარის ლაბორატორიიდან დადებითი პასუხი მოვიდა.

ახალგაზრდა ქალის ინფიცირების წყარო უცნობია, თუმცა მეზობლების ინფორმაციით, 36 წლის ქალი თბილისში, ერთ-ერთ ირანულ კომპანიაში, თარჯიმნად მუშაობს. ადგილობრივები ქალთან და მის ოჯახთან დაკავშირებით დაზუსტებულ ინფორმაციას არ ფლობენ. უცნობია, რამდენად ფართოა იმ პირთა წრე, ვისთანაც შესაძლოა ქალს სამსახურში ან სოფელში შეხება ჰქონოდა.

ვირუსის დადასტურებამდე და მანამდე, ვიდრე 36 წლის ქალი თავს შეუძლოდ იგრძნობდა, კონტაქტი მეზობლებთანაც ჰქონდა, ასევე სარგებლობდა ახლოს მდებარე მაღაზიით, სადაც მთელი სოფელი დადის.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ინფიცირებული პაციენტი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა. სოფლიდან მასთან ერთად თბილისში წაიყვანეს ოჯახის 5 წევრი და მეზობელი, რომელსაც ინფიცირებულთან სავარაუდოდ პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა.

ეპიდემიოლოგები ამ დრომდე არკვევენ ყველა იმ პირის ვინაობას, ვისთანაც 36 წლის ინფიცირებულ პაციენტს პირდაპირი თუ ირიბი შეხება ჰქონდა. გახდება თუ არა რეგიონი ვირუსის გავრცელების წყარო და იქნება თუ არა აუცილებელი სოფლის ჩაკეტვა, ეს ეპიდსურათზე იქნება დამოკიდებული.

დღის ამბები