ე.წ. ქობულეთის კლასტერს, რომლებიც მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირების კონტაქტებს უკავშირდება, კიდევ 4 დადასტურებული შემთხვევა დაემატა. ამ დროის განმავლობაში, მუნიციპალიტეტის ოთხივე სოფელში: გვარაში, ლეღვაში, ხუცუბანსა და წყავროკაში, ასევე ქობულეთშიც ეპიდემიოლოგებმა 5,500-ზე მეტი ადამიანი შეამოწმეს. მათ შორის საყურადღებო სიმპტომები 21-ს დაუფიქსირდა და ისინი მედიკოსების მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
"მოგეხსენებათ, დღეს ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული კიდევ ოთხი შემთხვევა დადასტურდა COVID-19-ით ინფიცირების. საყურადღებო არის ერთი გარემოება, რომ ეს ოთხივე ახალი შემთხვევა ისევ და ისევ უკავშირდება კონტაქტების პერსონების რიცხვს და შესაბამისად, გამოვლენილი არის სწორედ იმ ადამიანების წრიდან, რომლებიც იმყოფებიან მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ და ჩვენ არ გვაქვს ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული ე. წ. გარე შემთხვევა, ეს კი ერთი მხრივ არის ძალიან მნიშვნელოვანი.
რაც შეეხება თერმოსკრინინგის და შესაბამისად შემდგომი მოქმედებების განხორციელებას, მოგეხსენებათ 5,500-ზე მეტი ადამიანი იქნა შემოწმებული თერმოსკრინინგის ფარგლებში. ოთხივე ადმინისტრაციულ ერთეულში და ქალაქში, აქედან სულ დაფიქსირდა 21 საყურადღებო შემთხვევა სხვადასხვა ჩივილებითა და სიმპტომატიკით.
13 უკვე გატესტილია და ყველა მათგანზე გვაქვს უარყოფითი პასუხი. ერთი მხრივ გვახარებს, მაგრამ ყველანაირი სიხარული და პოზიტივი ჯერ არის ნაადრევი, იმიტომ, რომ მაქსიმალური კონტროლი სჭირდება, კონტაქტების რიცხვი გაზრდილია და დაახლოებით 400-ზე მეტია, აქედან ნახევარი არის გამოკვლეული და შესაბამისი პასუხები უკვე ცნობილია," - განაცხადა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა მირიან ქათამაძემ.