08 ოქტომბერი 2024,   12:25
ვრცლად
განცხადება, იმის შესახებ რომ ქართული პროტოკოლით პლაქვენილის დანიშვნა უსიმპტომო პაციენტებში ხდება, ტყუილი და დეზინფორმაციაა - თენგიზ ცერცვაძე აშშ-ში მოღვაწე ექიმს ზურაბ გურულს პასუხობს
"ა.წ. 17 აპრილს ბ-ნმა ზურაბ გურულმა, რომელიც საექიმო მოღვაწეობას აშშ-ში ეწევა, გამოაქვეყნა პოსტი, სადაც კრიტიკულად მოიხსენია საქართველოში მოქმედი COVID-19-ის მკურნალობის პროტოკოლი და განსაკუთრებით პრეპარატ პლაქვენილის გამოყენება."
 
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით,
ბ-ნი ზურაბი მანამდეც აქვეყნებდა ტენდენციურ პოსტებს ჩვენს ქვეყანაზე, პოლიტიკურ სპექტრზე, ჯანდაცვის სისტემაზე და სხვ.,
 
"ასე მაგალითად ა.წ. 14 აპრილის პოსტში იგი სიტყვა-სიტყვით წერს „კორონაკრიზისმა საოცრად ეფექტური ლუსტრირება მოახდინა არამარტო ქართული პოლიტიკური სპექტრების, არამედ ქვეყნის შიდა ინტელექტუალური პოტენციალის და რაც მთავარია იდეოლოგიურ-ფსიქოლოგიური გახრწნის ხარისხის, ფარისევლობის მიმართულებით. მსოფლიოსათვის კორონა ყველაზე დიდი ეგზისტენციალური გამოწვევაა ამჟამად, საქართველოსათვის კი კორონა მეათეხარისხოვანი პრობლემაა“. ვფიქრობთ, კომენტარი ზედმეტია.
 
ჩვენ კოლეგიალური პატივისცემის გამო თავს ვიკავებდით პასუხისაგან, მაგრამ ხომ შეიძლება ვიღაცამ მართლა ჩათვალოს, რომ ის რასაც ბ-ნი ზურაბი ამბობს, სიმართლეა. ამიტომ გადავწყიტეთ გვეპასუხა. ამასთან, ჩვენ მხოლოდ ა.წ. 17 აპრილის პოსტზე გავაკეთებთ კომენტარს.
 
რასაც ბ-ნი ზურაბი წერს, ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული პირის ჩვეულებრივი დემაგოგია, რომელიც ამასთან არაერთ ფაქტობრივ ტყუილსაც შეიცავს.
თავის პოსტში ბ-ნი ზურაბი სიტყვა-სიტყვით ამბობს, რომ თითქოს ქართული პროტოკოლი ითვალისწინებს პლაქვენილის დანიშვნას უსიმპტომო, ჯანმრთელი COVID-19-ით ინფიცირებული პირებისთვის, რომელთა CT (კომპიუტერული ტომოგრამა) ნორმალურია და რომ „ეს აბსოლუტურად მიუღებელია“. ის ასევე ამბობს, რომ პლაქვენილს არავითარ შემთხვევაში არა აქვს საპროფილაქტიკო დანიშნულება და რომ უსიმპტომო COVID-19-ს მკურნალობა არ სჭირდება.
 
ცალსახად ვაცხადებთ, რომ ეს ყველაფერი 100%-ით ფაქტობრივი ტყუილი და გამიზნული დეზინფორმაციაა.ბ-ნი გურული ტყუის და თან უსინდისოდ. კერძოდ:
ჩვენს პროტოკოლში ძალიან მკაფიოდ და ცალსახად წერია, რომ უსიმპტომო COVID-19-ით პაციენტები პლაქვენილით მკურნალობას არ საჭიროებენ და პლაქვენილი ინიშნება მხოლოდ საშუალო, მძიმე და ძალიან მძიმე (კრიტიკული) მიმდინარეობის მქონე COVID-19-ით პაციენტებში და ისიც მკაცრად ექიმის დანიშნულებით. იქვე ასევე ცალსახად წერია, რომ „კატეგორიულად დაუშვებელია ამ მედიკამენტის გამოყენება COVID-19-ის საპროფილაქტიკოდ“ და ა.შ.
ზემოთაღნიშნულის სისწორეში შეიძლება დარწმუნდეს ნებისმიერი მსურველი, ვინც გაეცნობა COVID-19-ის კლინიკური მენეჯმენტის ქართულ პროტოკოლს, რომელიც განთავსებულია ჩვენი ცენტრის და ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდებზე და ყველასთვის ხელმისაწვდომია.
 
ბუნებრივია ისმება კითხვა - რატომ დასჭირდა ბ-ნ გურულს, რომელმაც იმედი გვაქვს წერა-კითხვა იცის „თეთრზე შავის“ თქმა? ვფიქრობთ, კომენტარი აქაც ზედმეტია.
 
ცნობისთვის აშშ-ში, რომელიც საქართველოზე ეკონომიკურად შეუდარებლად უფრო ძლიერი ქვეყანაა და გაცილებით უფრო ძლიერი ჯანდაცვის სისტემა აქვს, ა.წ. 20 აპრილისთვის COVID-19-ით 770,564 ავადმყოფია და მათგან 41,114 გარდაცვლილი (5,3%),ხოლო საქართველოში COVID-19-ით სულ 399 ავადმყოფია და მათგან მხოლოდ 4 გარდაცვლილი (1%). სხვა გათვლებით აშშ-ში ყოველ მილიონ მოსახლეზეCOVID-19-ისგან 125 გარდაცვლილი ავადმყოფია,ხოლო საქართველოში ყოველ მილიონ მოსახლეზე - მხოლოდ 1 გარდაცვლილი. კიდევ სხვა გათვლით - საქართველოში 4 გარდაცვლილის ასაკი 73, 79, 81 და 86 წელია, მაშინ დროდესაც აშშ-ში ოფიციალური მონაცემებით, გარდაცვლილთა 20% არის 20-64 წლამდე ასაკის. საინტერესოა, რით ახსნიან ამას ბ-ნი გურული და მისი თანამოაზრეები და ხომ არ სჯობს ბ-ნმა გურულმა თავისი „მდიდარი ცოდნა და გამოცდილება“ იმ ქვეყანაში მაჩვენებლების გაუმჯობესებას მოახმაროს, სადაც ის საქმიანობს.
 
აქვე გვინდა ვუპასუხოთ ჩასაფრებული ადამიანების ერთ მოსალოდნელ რეპლიკას: „რა, თქვენ აშშ-ს ედრებით და მასზე უკეთესები ხართ?“ კატეგორიულად არა. აშშ ჩვენზე შეუდარებლად ძლიერი ქვეყანაა და ჩვენზე უკეთესი ჯანდაცვაც აქვს, მაგრამ კონკრეტულად COVID-19-ის ეპიდემიის საპასუხო ღონისძიებები, მათ შორის დაავადების კლინიკური მენეჯმენტი საქართველოში ბევრად უკეთესია და მთელი მსოფლიო ასე თვლის.
 
ცნობისთვის გავლენიანი ამერიკული გამოცემა Foreign Policy საქართველოს ასახელებს COVID-19-თან ბრძოლაში მსოფლიოში ხუთ ყველაზე წარმატებულ ქვეყანას შორის. საქართველოს მიღწევებს COVID-19-თან ბრძოლაში ცალსახად მაღალ შეფასებებს აძლევენ ჯანმო-ს ხელმძღვანელობა და მსოფლიოს მთელი რიგი ქვეყნები და ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტები. აშშ-ს და მთელი მსოფლიოს უპირობო ლიდერი - ექსპერტი COVID-19-ის დარგში პროფესორი Anthony Fauci, რომელთანაც 20 წლის ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაკავშირებს, ა.წ. 15 აპრილს ჩვენს სახელზე გამოგზავნილ იმეილში სიტყვა-სიტყვით წერს „I am pleased to see that Georgia has controlled the outbreak very well”.
 
ახლა რაც შეეხება პლაქვენილის ავკარგიანობას.
არავის, მათ შორის არც ჩვენ არასდროს უთქვამს, რომ პლაქვენილი COVID-19-ის სამკურნალოდ იდეალური საშუალებაა. უბრალოდ, ჩვენც და მკვლევართა ნაწილი თვლის, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესოა (შესაძლოა რემდესივირის შემდეგ) იმ 15-ზე მეტ მედიკამენტს შორის, რომელთა კვლევაც მიმდინარეობს და რომლებიც მართალია ვერ უზრუნველყოფენ განკურნებას, მაგრამ ამსუბუქებენ დაავადების მიმდინარეობას და ამცირებენ ლეტალობას. ჩვენს პროტოკოლშიც სიტყვა-სიტყვით ასე წერია. ამასთან ისიც წერია, რომ COVID-19-ის ეფექტიანი სპეციფიკური ანტივირუსული მკურნალობა ჯერ-ჯერობით ოფიციალურად დამტკიცებული არ არის.
 
ჩვენ პლაქვენილს ჯერ კიდევ ა.წ. თებერვლიდან ვიყენებთ და როგორც შედეგებმა უჩვენა, წარმატებით.ჩვენი არჩევანის სისწორე „მარსელის უსუსური, სასოწარკვეთილი პროტოკოლის“ (ბ-ნი გურულის სიტყვებით) გარდა, დაადასტურა აშშ FDA-ის ა.წ. 28 მარტის გადაწყვეტილებამ, რომელმაც კვლევაში მყოფი მედიკამენტებიდან რეკომენდაცია სწორედ პლაქვენილის გამოყენებას მისცა. საინტერესოა, ბ-ნი გურული FDA-საც „უსუსურ“ და „იდეოლოგიურ-ფსიქოლოგიურად გახრწნილ“ ინსტიტუტად მიიჩნევს? აღარაფერს ვამბობთ ბ-ნი ტრამპის ა.წ. 19 მარტს გაკეთებულ განცხადებაზე, რომლითაც მან ყველას მოუწოდა COVID-19-ის სამკურნალოდ დაუყოვნებლივ დაეწყოთ პლაქვენილის გამოყენება. მართალია, ბ-ნი ტრამპი ექიმი არ არის, მაგრამ არ გვგონია, რომ მისი მრჩევლები მედიცინის დარგში ბ-ნ გურულზე ნაკლები კომპეტენციის არიან.
 
პლაქვენილს ფართოდ იყენებენ აგრეთვე ისეთი ქვეყნები, როგორიცაა გერმანია, დანია, ჩინეთი, იტალია და ბევრი სხვ.
 
რაც შეეხება პლაქვენილის შესაძლო ნაკლებ ეფექტიანობას, ჩვენ ბ-ნ გურულზე არანაკლებად ვიცნობთ იმ კვლევებსაც, რომელთა მიხედვით თითქოს არ დასტურდება პლაქვენილის მაღალი ეფექტი, მაგრამ ასეთი ურთიერთგამომრიცხავი შეფასებები (დადებითიც და უარყოფითიც) პრაქტიკულად ყველა იმ მედიკამენტზე კეთდება, რომელთა კვლევაც მთელს მსოფლიოში მიმდინარეობს. ჩვენ აბსოლუტურად ყველა სიახლის საქმის კურსში ვართ და როგორც კი დაიდება სარწმუნო მონაცემები რომელიმე მედიკამენტის, მაგ. რემდესივირის, ან მკურნალობის რომელიმე ახალი მეთოდის სასარგებლოდ, გვერწმუნეთ საქართველო ერთ-ერთი პირველი იქნება, ვინც ამ სიახლეს დანერგავს და არც პლაქვენილზე უარის თქმა გაგვიჭირდება.
 
სხვათაშორის, ჯანმო სწორედ ახლა იწყებს ოთხი მედიკამენტის, მათ შორის რემდესივირის და იგივე პლაქვენილისდიდ მულტიცენტრულ კვლევას (Trial), რომელშიც საქართველოც მონაწილეობს და ესეც დაგვეხმარება მკურნალობის ოპტიმალური რეჟიმების შერჩევაში.
და ბოლოს, ბ-ნი გურულის და მისი თანამოაზრეების საყურადღებოდ.
საქართველოში ყველა ავადმყოფის მკურნალობა ხდება ინდივიდუალური მიდგომით და ჩვენ არასდროს ვყოფილვართ მხოლოდ პლაქვენილის იმედად.
 
ჩვენს ცენტრში და მთლიანად ქვეყანაში COVID-19-ით მძიმე ავადმყოფების სამკურნალოდ წარმატებით ვიყენებთ მედიკამენტ ტოცილიზუმაბს (მონოკლონური ანტისხეულები ინტერლეიკინ-6-ის რეცეპტორების წინააღმდეგ). ვიყენებთ პროტეაზას ინჰიბიტორებს(ლოპინავირ/რიტონავირი, დარუნავირ/კობიცისტატი).
 
უკვე ვიყენებთ ან ვემზადებით მთელი რიგი ინოვაციური მიდგომების გამოსაყენებლად,როგორიცაა მაგალითად პლაზმაფერეზი, COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებული პირების (კონვალესცენტების) პლაზმა, ოზონოთერაპია და სხვ. ოღონდ ყველაფერს ამას ვაკეთებთ ძალიან ფრთხილად, ყოველმხრივი ანალიზის შემდეგ და FDA-ის და ევროკომისიის ჯანდაცვის და კვების უსაფრთხოების გენერალური დირექტორატის რეკომენდაციების გათვალისწინებით.
 
ახალი მედიკამენტების და მიდგომების დანერგვის პარალელურად, ცენტრი დიდ ყურადღებას უთმობს დაავადების სიმპტომური და დამხმარე თერაპიის მეთოდების და მიდგომების სრულყოფას. ცენტრი მაქსიმალურად ცდილობს მძიმე პაციენტების ოქსიგენოთარეპიის ოპტიმიზაციისათვის ბოლო კვლევების შედეგების გათვალისწინებას. ცენტრი აგრეთვე სერიოზულ ყურადღებას უთმობს COVID-19-ით ავადმყოფებში სისხლის შემდედებელი სისტემის მხრივ არსებულ ან მოსალოდნელ დარღვევებს და ამ დარღვევების კორექციას თანამედროვე მეთოდების გამოყენებით. ცენტრის გამოცდილებით ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვენესი რგოლია COVID-19-ის პათოგენეზსა და მკურნალობაში.
 
ცენტრი ყურადღებით სწავლობს ე.წ. „ციტოკინური შტორმის“ როლს COVID-19-ის პათოგენეზშიდა მის გავლენას დაავადების მიმდინარეობაზე და მისი კორექციის გზებს, აგრეთვე COVID-19-ით პაციენტებში ნევროლოგიურ, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, თირკმლების და სხვა ორგანოთა სისტემების დაზიანების შემთხვევებს.
 
და ბოლოს, ურწმუნოების საყურადღებოდ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჯანდაცვის სისტემის საქმიანობის ეფექტიანობა დადებული შედეგებით ფასდება. საქართველოში 20 აპრილისათვის სულ 399 COVID-19-ით ავადმყოფია და მათგან მხოლოდ ოთხია გარდაცვლილი. ამ შედეგებით საქართველო ევროპის რეგიონში 53 ქვეყანას შორის 49-ე ადგილზეა და ჩვენზე ნაკლები ავადმყოფი და გარდაცვლილი ჰყავთ მხოლოდ ე.წ. „ჯუჯა სახელმწიფოებს“ - ლიხტენშტეინს, მონაკოს, ვატიკანს და მონტენეგროს.
 
ასეთია სიმართლე, რომლისთვისაც თვალის გასწორება ბ-ნ გურულს და სხვა პოლიტიკურად ანგაჟირებულ ადამიანებს ძალიან უჭირთ."- აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.
დღის ამბები