18 ნოემბერი 2024,   07:20
ვრცლად
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდა - რატომ არ დაუჭირა მხარი ოპოზიციამ მთავრობის გადაწყვეტილებას

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 2020 წლის 22 მაისამდე გაგრძელდა. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტმა 97 ხმით 10-ის წინააღმდეგ საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა. ამავე ვადით გაგრძელდა პრეზიდენტის გამოცემული დეკრეტი, რომელიც საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში გარკვეულ შეზღუდვებს ითვალისწინებს.

საგანგებო სესიაზე შეკრებილ პარლამენტარებს ჯერ საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა, რომლის ერთ-ერთი სათქმელი ის იყო, რომ თვითკმაყოფილება ნაადრევია. ოპოზიციის დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, სამთავრობო კაბინეტი სესიას არ დასწრებია, გიორგი გახარიას სათქმელი კი სხდომაზე ნათია მეზვრიშვილმა თქვა.

ტრიბუნიდან ნათქვამი არც ერთი ეს სიტყვა არ აღმოჩნდა დამაკმაყოფილებელი საპარლამენტო ოპოზიციისთვის. უმცირესობა თვლის, რომ მათთვის ჯერ ანტიკრიზისული გეგმა უნდა წარმოედგინათ. აქედან გამომდინარე კი თვლიან, რომ მთავრობის ხედვა ადეკვატური არ აღმოჩნდა და ქვეყანას იგი უაზრო დანაკარგებს მოუტანს. მთავრობის ოპონენტებისთვის გაუგებარია, რატომ გრძელდება საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე, რატომ არ წყდება საავტომობილო შეზღუდვა დაუყოვნებლივ და რატომ არ მოვიდა პარლამენტში თავად გახარია. იყვნენ დეპუტატები, რომლებიც ყველა მოქმედი შეზღუდვიდან მხოლოდ ერთის დატოვებას მიესალმებოდნენ.

რეგლამენტმა დღეს პოლიტიკოსებს კიდევ უფრო გაცხარებული კითხვა-პასუხის საშუალება არ მისცა, თუმცა, ბრალდების საპასუხოდ, დასკვნით სიტყვაში ხელისუფლებამ ოპოზიცია იმაში დაადანაშაულა, რომ ირიბად მოქალაქეებს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებენ.

ამის შემდეგ დადგენილებას კენჭი უყარეს. 97-მა დეპუტატმა აღმასრულებელი ხელისუფლების ნება კანონად აქცია, ოპოზიციამ კი ამაში მონაწილეობა არ მიიღო.

სახელისუფლებო გუნდში, დღის ბოლოს კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ მათთვის გაუგებარია, რატომ უჭერდა ოპოზიცია მხარს საგანგებო მდგომარეობას 1 თვის წინ, სადაც ვითარება გაცილებით მსუბუქი იყო და არ უჭერს ახლა, როდესაც მდგომარეობა გართულდა.

დღის ამბები