იტალია ერთ-ერთია, რომელმაც კოვიდ-19-სგან ყველაზე მძიმე დარტყმა მიიღო. ინფექციამ 25 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
პანდემიის გამო სერიოზული ეკონომიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა საფრანგეთი. ქვეყანაში დროებით უმუშევრობის პროგრამაზე 10 მილიონზე მეტმა ადამიანმა გააკეთა განაცხადი. ეს ნიშნავს, რომ საფრანგეთის დასაქმებული მოსახლეობის 40 პროცენტი ამ პროგრამით სარგებლობას გეგმავს.
საკარანტინო ზომები უცვლელად რჩება ძალაში დიდ ბრიტანეთში. აქ ეპიდაფეთქების სწრაფად მზარდი მონაცემებია, მთავრობის გადაწყვეტილებით დაიწყება ზრუნვა იმ ადამიანებზე, რომლებიც იზოლაციის წესების დაცვას ვერ მოახერხებენ.
კარანტინი 11 მაისამდე გაახანგრძლივა უკრაინამ. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ჯერ პიკისთვის არ მიუღწევია, თუმცა მკაცრი ზომების შენარჩუნება მაინც მიზანშეწონილია. ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი 7 ათასს აღწევს. ვირუსით 174 ადამიანია გარდაცვლილი.
მკაცრი ზომების შემსუბუქებას გეგმავს დონალდ ტრამპი, თუმცა პარალელურად, შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის დირექტორი საგანგაშო განცხადებას აკეთებს. რობერტ რედფილდის მტკიცებით, შესაძლოა, კორონავირუსის მეორე ტალღა, კიდევ უფრო გამანადგურებელი იყოს.
კოვიდ-19 ის წინააღმდეგ შემოღებულ ზომებს ზოგიერთი ქვეყანა კიდევ უფრო ამკაცრებს. აკრძალვებმა გერმანიაში ინფიცირების შემთხვევები მნიშვნელოვნად შეამცირა. მიუხედავად ამისა, ქვეყნის მთავრობა საზოგადოებას მოუწოდებს, იზოლაციის წესები დაიცვან. უკვე ცნობილია, რომ შემოდგომაზე აღარ გაიმართება ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება - ლუდის ფესტივალი „ოქტობერფესტი“. გერმანელების ლუდის დალევა მხოლოდ სახლებში შეეძლებათ.
ცარიელია სპორტული მოედნებიც და როგორც ჩანს, ეს სურათი, შესაძლოა, დიდ ხანს შენარჩუნდეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უეფას საფეხბურთო ტურნირების 2022 წლამდე გადადებას ურჩევს.