23 აპრილი 2024,   22:32
ვრცლად
ინფიცირების მზარდი მაჩვენებლების მიუხედავად, ევროპის ნაწილი შეზღუდვების მოხსნისთვის ემზადება

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 229 000-ს გადააჭარბა. ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობა კი, მსოფლიო მასშტაბით 3 250 000-ს გადასცდა. მიუხედავად ინფიცირების მზარდი მაჩვენებლებისა, ევროპის ნაწილი ეპიდაფეთქების შემდეგ შეზღუდვების მოხსნისთვის ემზადება.

კონტინენტის 44 სახელმწიფოდან 21-მა აკრძალვების მოხსნა უკვე დაიწყო, ხოლო 11  გეგმავს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ევროპული ქვეყნების მიერ შეზღუდვების შემსუბუქებას არ მიესალმება და სახელმწიფოებს გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდებს.

შეზღუდვების მოხსნის პარალელურად, პანდემიით დაზარალებული ქვეყნები ტურისტული სფეროს აღსადგენად ემზადებიან. ევროკავშირი ერთიანი დოკუმენტის შემუშავებას გეგმავს, პირობითი სახელწოდებით - COVID პასპორტი, რომელიც უსაფრთხოების სერტიფიკატის როლს შეასრულებს. იდეა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ხორვატიის ტურიზმის მინისტრ ჰარი კაპელის ეკუთვნის.

ოფიციალური ვაშინგტონი კვლავ აგრძელებს პეკინზე ზეწოლას. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ჩინეთს მოუწოდებს, უხანის ლაბორატორიაში საერთაშორისო საგამოძიებო უწყებები დაუშვას. დონალდ ტრამპმა კი  ჩინეთი COVID-19-ის შესახებ მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბრალდებებს დღეს ოფიციალურმა პეკინმაც უპასუხა. გენ შუანიმ აღნიშნა, რომ არ შეიძლება პასუხისმგებლობა ჩინეთს იმის გამო დაეკისროს, რაც სრულიად კაცობრიობის პრობლემაა. მისივე განცხადებით, ჩინეთი აშშ-ის შიდა პოლიტიკაში ჩარევას არ აპირებს.

ჩინეთთან ერთად, დონალდ ტრამპის ბრალდებებს დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაშიც უპასუხეს. ჯანმოს ხელმძღვანელმა კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე განხორციელებული სამუშაოები შეაჯამა და განაცხადა, რომ მოსალოდნელი საფრთხეები საერთაშორისო თანამეგობრობას დროულად აცნობეს.

მსოფლიო პანდემიამ თითქმის ყველა ქვეყანაში დაგეგმილი ღონისძიებები შეცვალა. ნიდერლანდებს ტიტების სეზონზე უამრავი ტურისტი სტუმრობდა, წელს კი ყვავილების ფერმა მნახველების გარეშე დარჩა, თუმცა ფერმერებმა ტურისტებისთვის სპეციალური გზავნილი გააკეთეს. "იყავით მხნედ" - ამ წარწერისა და გულის ფორმის დიზაინი მინდორში ყვავილებისგანაა შექმნილი.

დღის ამბები