26 აპრილი 2024,   17:25
ვრცლად
დონალდ ტრამპის კრიტიკის სამიზნე კვლავ ჩინეთი და ჯანმოა - გაერო წარმოქმნილი დაპირისპირების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

დონალდ ტრამპი ამერიკის დაზვერვის სამსახურის პოზიციას არ იზიარებს და ფიქრობს, რომ COVID-19 უხანის ლაბორატორიიდან გავრცელდა და ამისთვის ჩინეთს ხელი არ შეუშლია. დაზვერვის სამსახურმა ვირუსის ხელოვნურად შექმნის თეორია გამორიცხა. მიუხედევად ამისა, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც გააკრიტიკა და ჩინეთთან მიკერძოებულობაში ბრალი კიდევ ერთხელ დასდო. ვაშინგტონში არ გამორიცხავენ, რომ თეთრმა სახლმა ჩინეთს სანქციები დაუწესოს.

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის წარმოქმნილი დაპირისპირების გამო შეშფოთება გამოხატა გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ და სახელმწიფოებს პანდემიის პირობებში ერთიანობისკენ მოუწოდა.

ორ სახელმწიფოს შორის არსებული დაძაბულობის ფონზე COVID-19-ის შემთხვევებმა იკლო ევროპის კონტინენტზე.

იტალიაში ვირუსს გასულ დღე-ღამეში 285 ადამიანი ემსხვერპლა. მატულობს გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. საკარანტინო ზომების შემსუბუქებას იწყებს საფრანგეთი. თუმცა ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოსახლეობა მკაცრად გააფრთხილა, რომ 11 მაისი შეზღუდვების მოხსნის მხოლოდ პირველი ეტაპია და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება. დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნას იწყებს ესპანეთიც. შვიდი კვირის შემდეგ, პირველად ხვალიდან, ყველა ასაკის ადამიანს ქუჩაში სავარჯიშოდ გასვლის უფლებას მისცემენ. საკარანტინო რეჟიმს ამსუბუქებს ავსტრია და გერმანიაც.

მიუხედავად იმისა, რომ დიდმა ბრიტანეთმა მსოფლიო რუკაზე ინფიცირების მაჩვენებლით საფრანგეთი და გერმანია ჩამოიტოვა და მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა, ქვეყნის პრემიერის, ბორის ჯონსონის განცხადებით, გაერთიანებულმა სამეფომ ეპიდემიის პიკი უკვე გადალახა.

ბრიტანეთის პრემიერისგან განსხვავებით, ჯერ არ დაუმარცხებია COVID-19 რუსეთის პრემიერს. მიხეილ მიშუსტინი ვირუსის დადასტურების შემდეგ ვლადიმერ პუტინს ვიდეოჩართვით ესაუბრა და მოსახლეობასაც მიმართა.

რუსეთში ინფიცირებულთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა, სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზარდა სომხეთსა და აზერბაიჯანშიც. ინფიცირების 120 000-მდე და გარდაცვალების    3 000-ზე მეტი შემთხვევაა საქართველოს მეზობელ თურქეთში.

დღის ამბები