18 ნოემბერი 2024,   19:47
ვრცლად
კორუფციული სქემა სამცხე-ჯავახეთში - ტენდერში მუდმივად გამარჯვებული ახალციხის მერი და ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარის ოჯახის წევრები

კომპანია, რომელიც სახელმწიფო ტენდერებს ბოლო წლებია აქტიურად იგებს, ახალციხის მერის ძმის საკუთრებაშია. მკვლევრებმა სამი წლის პერიოდში რაიონის მასშტაბით გამოცხადებული ტენდერები დათვალეს და დაადგინეს, რომ ზაზა მელიქიძის ოჯახის სამშენებლო კომპანია "ნუკიამ" 9 მათგანში გაიმარჯვა. მიღებულმა თანხამ 250 000 ლარს მიაღწია.

"ნუკია" ერთ-ერთია იმ რამდენიმე კომპანიას შორის, რომლებსაც ახალციხის მერის ოჯახი ფლობს. ზაზა მელიქიძის კიდევ ერთი ძმის მეუღლე ხელმძღვანელობს კომპანიას, რომელიც აიპ-ის ტენდერებს ინდივიდუალური მეწარმის სტატუსით იგებს და მათ პურ-ფუნთუშეულით ამარაგებს. ნანა მაისურაძის სახელზე გაფორმებულმა კომპანიამ 318 000 ლარზე მეტი უკონკურენტოდ მიიღო.

დოკუმენტებიდან ისიც დგინდება, რომ ახალციხის მერი ტენდერების კომისიას თავმჯდომარეობდა და მხოლოდ ხელშეკრულების გაფორმების მომენტში უთითებდა, რომ კომპანია "ნუკიასთან" ინტერესთა კონფლიქტში იმყოფებოდა. ზაზა მელიქიძე "კურიერთან" მხოლოდ ფაქტს უარყოფს - კითხვაზე,  როგორ ახერხებენ მისი ოჯახის კომპანიები ტენდერების მოგებას, უპასუხოდ ტოვებს.

არასამთავრობო სექტორის კვლევაში მოხვდა ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა მელიქიძეც. მისმა ძმამ მხოლოდ 4 წელიწადში  სამშენებლო კომპანია "XXI საუკუნის" სახელით სახელმწიფო ბიუჯეტიდან 740 000 ლარზე მეტი მიიღო. მამუკა მელიქიძემ "კურიერთან" საუბარი არ ისურვა.

ახალციხესა და ასპინძაში მაღალი თანამდებობის პირების საქმიანობას "საერთაშორისო გამჭვირვალობა" პერიოდულად იკვლევს. ორგანიზაციაში უკონკურენტოდ მოგებულ ტენდერებთან დაკავშირებით კითხვები აქვთ.

არასამთავრობო სექტორი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ახალციხის მერის და ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარის ოჯახის წევრების მიერ მოგებულ ტენდერებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.

დღის ამბები