18 ნოემბერი 2024,   19:50
ვრცლად
სოფელ ნიგვზიანში მომხდარი ტრაგედიის ორივე მსხვერპლი გვიან ღამით სახლებში გადაასვენეს - მომხდარზე ამჯერად ერთი ვერსია ვრცელდება

გურიის სოფელ ნიგვზიანში მომხდარი მკვლელობის შესახებ, ამ ეტაპზე, მხოლოდ ერთი ვერსია სახელდება.  ორივე გარდაცვლილის ოჯახის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ მამაკაცს, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, თავისი მეზობლის მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია.

ადგილობრივების და ახლობლების ინფორმაციით, ტრაგედია, სავარაუდოდ, უბედურ შემთხვევას უკავშირდება.

მათი განმარტებით, შუახნის მამაკაცმა საკუთარი სანადირო თოფიდან უმისამართოდ გაისროლა, ტყვიას კი  ველოსიპედით მოსეირნე შუახნის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. მას შემდეგ, რაც მკვლელობის შესახებ გახდა ცნობილი, მამაკაცმა  თავი მოიკლა.

ადგილობრივებისვე თქმით, გარდაცვლილებს წარსულში ერთმანეთთან კონფლიქტი არ ჰქონიათ.

ორივე გარდაცვლილი გვიან ღამით გადაასვენეს ექსპერტიზიდან საკუთარ სახლებში.

"იმან რაზე გაისროლა, არ ვიცი და მეორემ რომ ველოსიპედით გაიარა უცებ ტყვია მოხვდა. არ იცოდა ვინ მოკლა, იძახდა, დავიღუპე, ვიღაც მოვკალიო, იმ წუთასვე თვითონაც გულში ისროლა. მონადირე იყო. ეზოში მიმინო, ან რამე თუ გადაიფრენდა, ესროდა ხოლმე," - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა "კურიერთან" საუბრისას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის 108-ე მუხლით არის აღძრული, თუმცა, შესაძლოა, მუხლი გადაკვალიფიცირდეს.

დღის ამბები