18 ნოემბერი 2024,   19:25
ვრცლად
მძიმე ჰუმანიტარული ვითარება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - კორონავირუსის გავრცელების რეალური სურათი უცნობია

ოკუპირებულ აფხაზეთთან დამაკავშირებელი ენგურის ხიდი დე ფაქტო ხელისუფლებამ თითქმის სამი თვის წინ ჩაკეტა. მიზეზად კორონავირუსის გავრცელების რისკები დაასახელეს, თუმცა ოკუპანტი ქვეყნიდან სტუმრების მიღებას არ ერიდებოდნენ - ქვეყნიდან, რომელიც მსოფლიოში კოვიდ-19-ის გავრცელების მასშტაბით მესამე ადგილზეა. ამ სიტუაციაში, ერთადერთი ნათელი წერტილი არის ის, რომ ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობას საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მკურნალობის საშუალება ეძლევა.

იმას, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში სამედიცინო სერვისები დაბალ დონეზეა და ინფრასტრუქტურის სერიოზული დეფიციტია, ადასტურებენ დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტშიც. ორგანიზაციაში ეჭვქვეშ აყენებენ ინფორმაციას 10 ინფიცირებულის შესახებაც. ამის შესახებ ცნობას დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედია ავრცელებს.

როგორც ოკუპირებულ აფხაზეთში, ისე ცხინვალში კორონავირუსის მხრივ არსებული მძიმე ვითარებაზე საუბრობს "კრიზისული ჯგუფი". საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ ორივე რეგიონის მოსახლეობა უჩივის სუსტ სამედიცინო ინფრასტრუქტურას, აკლია პროფესიონალები და ეს იმ ფონზე, როდესაც ასაკოვანი მოსახლეობა თითქმის 20%-ს შეადგენს. რაც შეეხება პრევენციულ ზომებს, მათი მიღება დე ფაქტო აფხაზეთში დაგვიანებით მოხდა. ვინაიდან, მოსახლეობის უსაფრთხოებას ე.წ "არჩევნების" ჩატარება ამჯობინეს.

სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ორივე ოკუპირებულ რეგიონში კოვიდ-19-ის გავრცელება გაცილებით დიდ მასშტაბებზე იყოს გადასული, თუმცა რეალური სურათი ე.წ მთავრობებისთვისაც უცნობი იყოს, ვინაიდან არ ტარდება ტესტირება, კვლევები - რაც ამისათვის საჭირო მასალის არარსებობით არის გამოწვეული.

მძიმე ჰუმანიტარული ვითარება არაა სიახლე საქართველოს მთავრობისთვის. რეგიონების დახმარების სურვილს ცენტრალური ხელისუფლება ახლაც გამოთქვამს, თუმცა დე ფაქტო მთავრობა კვლავ უარზეა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ინფიცირებულია 23 ადამიანი, 200-ზე მეტი კი საკარანტინო სივრცეშია გადანაწილებული. რაც შეეხება ოკუპირებულ აფხაზეთს, აქ მხოლოდ 10 კოვიდინფიცირებულია. ოკუპირებული რეგიონები ოკუპანტის დახმარებას ელიან. ჩრდილოელი მეზობლის დახმარება კი აფხაზეთისთვის გადაცემული სუნთქვის 10 აპარატია და სადეზინფექციო ავტომობილი, რომელიც დეზინფექციის ნაცვლად ბუნებას ანადგურებს.

დღის ამბები