დღეს სასამართლო ე.წ. ქურდული სამყაროს იმ რამდენიმე ავტორიტეტის საქმეს განიხილავს, რომელთაც ბრალდება ქურდულ გარჩევებს, ფულის გამოძალვას, ძალადობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება. 13 ბრალდებულიდან 9 ე.წ. კანონიერი ქურდია.
ერთ-ერთი ბრალდებულის უფლებადამცველის, ზურაბ ბეგიაშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, საქმის მასალების გადმოცემას ელოდებიან.
"ბრალდებული ისევ იყენებს დუმილის უფლებას და, ამ ეტაპისთვის, ველოდებით მასალების გადმოცემას. რა თქმა უნდა, სასამართლოს მიერ გაანალიზებული იქნება დაცვის მხარის პოზიცია და ამის შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება ბრალდებულის შემდგომი ბედი თაობაზე, კერძოდ, გამოყენებული იქნება პატიმრობა, გირაო თუ რომელიმე სხვა აღკვეთის ღონისძიება,"- განაცხადა ადვოკატმა.
კიდევ ერთი ბრალდებულის უფლებადამცველის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, საქმეში ბევრი ბუნდოვანი გარემოებაა, რომელზეც პროკურატურას პასუხის გაცემა მოუწევს.
"ბევრი ბუნდოვანი გარემოებაა, სადაც, მე ვფიქრობ, რომ პროკურატურას მოუწევს პასუხის გაცემა. მაგალითად, ის რომ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა აქვთ ჩემს დაცვის ქვეშ მყოფებს წარდგენილი და სად გამოიხატა ეს, დაზარალებულს ვგულისხმობ, სად იგრძნო და სად განიცადა თავისუფლების აღკვეთა; მნიშვნელოვანია, ასევე, სად ჩანს ე.წ. ქურდული გარჩევა,"-განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.
შეგახსენებთ, რომ "კურიერმა" გაარკვია იმ ბიზნესმენის ვინაობა, რომელსაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კრიმინალური ავტორიტეტები ვალის დაბრუნებას მუქარითა და ძალადობით სთხოვდნენ.
გადამზიდავი კომპანიის მფლობელს ბადრი ავდოიანს "ქურდებისგან" 50 ათასი დოლარი ჰქონდა ნასესხები. ვალის დროზე არ დაბრუნებას კი მისი რამდენჯერმე გატაცება, ცემა და ზეწოლა მოჰყვა. გამოძიების ინფორმაციით, პროცესს თურქეთიდან მართავდა სამი ქართველი ავტორიტეტი, რომელთაგან ერთი სხვა საქმეზე თურქეთის ციხეში უკვე იხდის სასჯელს. დანაშაულის დეტალები გამოძიებამ ფარული მოსმენით გაარკვია. რამდენიმეთვიანმა საგამოძიებო პროცესმა კი პოლიცია ერთდროულად სამი მძიმე საქმის კვალზე გაიყვანა.