"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას" საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი ორშაბათს შეაქვს. არასამთავრობო ორგანიზაცია ოპოზიციის მსგავსად მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც მთავრობას 15 ივლისამდე შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლება, არაკონსტიტუციურია.
კანონს არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატებიც, "დამოუკიდებელ დეპუტატთა" ფრაქცია ცდილობდა ამ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტი ვეტოს აუცილებლობაში დაერწმუნებინა, როგორც ფრაქციის თავმჯდომარე მარიამ ჯაში აცხადებს, მათ პრეზიდენტს წერილით მიმართეს, თუმცა სავარაუდოდ პრეზიდენტმა ვერ მოახერხა ამ წერილს კანონზე ხელის მოწერამდე გასცნობოდა.
"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვერ შევძელით ანტიკონსტიტუციური კანონის შეჩერება, დროში შეზღუდვა უკვე იყო მნიშვნელოვანი, რაც შეეხება ქალბატონი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, იმდენად არაკორექტულად ლობირებდა სამთავრობო გუნდი და საპარლამენტო უმრავლესობა ამ კანონპროექტს, რომ რთული იქნებოდა ნებისმიერი არამედიკოსი პოლიტიკოსისთვის ვალდებულების აღება, რომ თუნდაც რამდენიმე დღით გადაევადებინა აღნიშნულ კანონპროექტზე ხელის მოწერა," - განაცხადა მარიამ ჯაშმა.
საპარლამენტო ოპოზიცია საიას გადაწყვეტილებას მიესალმება, თუმცა რადგან ამ კანონის მოქმედება მხოლოდ 15 ივლისამდეა, ისინი ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების ვადების გამო, მას მხოლოდ ფორმალური ხასიათი ექნება.
"ქართულმა ოცნებამ", საპარლამენტო უმრავლესობამ, კიდევ ერთხელ მოხსნა პოლიტიკური უთავმოყვარეობის ახალი რეკორდი, როდესაც საკუთარი თავი გააუქმა პრაქტიკულად, ვინაიდან მხოლოდ პარლამენტი არის უფლებამოსილი, რომ ადამიანის უფლებათა შემზღუდველი წესები შემოიღოს საგანგებო მდგომარეობის დროს და ამის სრულად დელეგირება მთავრობისთვის არის სამარცხვინო ფურცელი ჩვენი პარლამენტარიზმის ისტორიაში. ეს არის არაკონსტიტუციური, გასასაჩივრებელია, უბრალოდ, ფიზიკურად ვერ მოესწრება ამ კანონის განხილვა 15 ივლისამდე, ამ გასაჩივრებას უბრალოდ ფორმალური ხასიათი შეიძლება ჰქონდეს,"- აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე.
სარჩელს მხარს უჭერს "ნაციონალური მოძრაობაც":
"მხარს ვუჭერთ იმას, რომ აღიძრას შესაბამისი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში იმიტომ, რომ ეს კანონი არის აშკარად არაკონსტიტუციური," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, პარლამენტმა გუშინ 81 ხმით მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებების პაკეტი, რომლითაც მთავრობას 15 ივლისამდე შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლება. კანონს გუშინვე მოაწერა ხელი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.