ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება აჭარის უმაღლეს საბჭოში. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ანგარიშის მოსმენა დაპირისპირებაში გადაიზარდა.
თორნიკე რიჟვაძის სიტყვით გამოსვლისას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ელგუჯა ბაგრატიონი ტრიბუნასთან მივიდა და განმარტებებს მოითხოვდა. მისი თქმით, მოქალაქეებს სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს. საუბარია აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან შეკრებილ მოსახლეობაზე, რომლებიც დახმარებას ითხოვდნენ.
ელგუჯა ბაგრატიონს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ სხდომის დატოვება და მისი სხვა მოქალაქით ჩანაცვლება მოითხოვა, რასაც დეპუტატი არ დაემორჩილა.
"აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან მოვიდნენ მოქალაქეები და თქვენ არ უშვებთ, მათთვის არ გცალიათ, რადგან ქვისლებისა და სხვა ნათესავების დასაქმებით ხართ დაკავებული. მოვითხოვ, რომ შემოუშვათ მოქალაქეები და მათ მოუსმინოთ. მე არ მაშინებს თქვენი შენიშვნები და ჯარიმები, აქ მოქალაქეების ხმა უნდა ისმოდეს,"- განაცხადა სხდომაზე ელგუჯა ბაგრატიონმა.
მოქალაქეების პროტესტის მიზეზი კი მათივე განცხადებით, ადგილობრივი მთავრობის უყურადღებობაა.
"მოიმიზეზეს, რომ ადგილი არ იყო სხდომათა დარბაზში. ელგუჯა ბაგრატიონმა თავისი ადგილი დაუთმო მოქალაქეს, რომელმაც დასწრების ინტერესი გამოთქვა. შემდეგ კი, ქალბატონი გამოაძევეს დარბაზიდან. ის, სადაც არ ისმის ჩვეულებრივი ადამიანების ხმა, არ არის ჩვენი ადგილი,"- აცხადებს აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე ასმათ დიასამიძე.
თავის მხრივ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ განმარტა, რომ სხდომათა დარბაზში მოქალაქეებს ვერ დაუშვებენ, რადგან შესაბამისი ადგილი არ არის. მისივე განმარტებით, ეს ოპოზიციის მიერ დადგმული შოუა.