პირი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ქავთარაძეზე სპეცოპერაციის დროს აიყვანა, ეთნიკურად ჩეჩენი და სახელად აჰმედია. "კურიერის" ინფორმაციით, ის საქართველოში 5 თვის წინ რამდენიმე პირთან ერთად ჩამოვიდა. მათი სტუმრობა პანკისში 2019 წლის 27 ნოემბერს მომხდარ მკვლელობას უკავშირდებოდა. მაშინ, ორ გვარს შორის დაპირისპირებას ვისი მუთოშვილი შეეწირა. სისხლიან გარჩევას სისხლის აღების მუქარაც მოჰყვა. "კურიერს" პირად საუბრებში უყვებიან, რომ დაკავებული ჩეჩნეთის მოქალაქე არაერთხელ დაესწრო პანკისში უხუცესთა სხდომას, რომელიც ორ გვარს შორის შერიგებისთვის იმართებოდა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა. ირკვევა, რომ აჰმედი დაკავებიდან რამდენიმე დღით ადრე, ხეობის უხუცესთან - ხასო ხანგოშვილთან სტუმრად იმყოფებოდა, ორ დღეში კი, მას საქართველო უნდა დაეტოვებინა.
ამ გარემოებებიდან გამომდინარე, სპეცოპერაცია, თბილისის პარალელურად, პანკისში ხანგოშვილების სახლშიც ჩატარდა, თუმცა როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, სპეცრაზმელებმა სახლიდან ვერაფერი ამოიღეს. ხასო ხანგოშვილი "კურიერთან" ჰყვება, რომ სამართალდამცველებმა ჯერ სახლი გაჩხრიკეს, შემდეგ კი შვილი - გებიშ ხანგოშვილი დასაკითხად წაიყვანეს. მექა ხანგოშვილის ინფორმაციით, მისი ძმა გამოკითხეს და ამჟამად ის თავისუფალია.
ხეობაში ქავთარაშვილებისა და მუთოშვილების დაპირისპირება ისევ გრძელდება. სისხლიან გარჩევას ერთი გარდაცვლილი და ორი დაკავებული ჰყავს. დღეს, არც ერთი ოჯახი მედიასთან სპეცოპერაციის შესახებ არ საუბრობს.
დაპირისპირებული ოჯახები - დაკავებული პირის მათთან კავშირს უარყოფენ, თუმცა "კურიერთან" ამის შესახებ, ხასო ხანგოშვილის გარდა, სხვა უხუცესებიც საუბრობენ. ისინი ადასტურებენ, რომ ჩეჩნეთიდან ჩამოსული აჰმედი იმ შეხვედრებს ესწრებოდა, სადაც უხუცესები ორი გვარის შერიგებას ცდილობდნენ და შუამავლის როლს ასრულებდა.
ოფიციალურ ინფორმაციას გუშინ საღამოს, ქავთარაძის ქუჩაზე და პანკისის ხეობაში ერთდროულად ჩატარებული სპეცოპერაციების შესახებ, ამ დრომდე არ ავრცელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.