19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი ეპიზოდის მონაწილე ვახო ახვლედიანი დაზარალებულად სცნეს. მას დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული, თუმცა, მოძალადეს ვერ ასახელებს, რადგან ამბობს, რომ ღამე იყო და ვერ დაინახავდა. აღსანიშნავია, რომ ის დაკავებული არ არის. ახვლედიანის გარდა საქმეში დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა დაკავებულ ვახო ჩიქოვანსაც.
"მეორე ეპიზოდში პირველი ავტომობილი როდესაც გაჩერდა აი იმ დროს მიიღო დაზიანება, ვერ ასახელებს, იმიტომ, რომ ღამე იყო. ვიღაცამ ჩაარტყა შესაძლოა მხოლოდ მუშტი, ან შესაძლოა რკინაც ჰქონდა ხელში. ცხვირი აქვს გატეხილი," - განაცხადა ადვოკატმა მზია ქასრაშვილმა.
რაც შეეხება დაკავებულებს, 17-ვე პირს დღეს ბრალი ოფიციალურად უკვე წაუყენეს, მათ შორის სამი არასრულწლოვანია. დაკავებულები თბილისის გარდა, კიდევ ორი ქალაქის იზოლატორში იმყოფებიან.
დაკავებულების პოზიცია ცნობილია, უფლებადამცველების თქმით, წარდგენილ ბრალდებებს არცერთი მათგანი არ ეთანხმება.
ერთ-ერთი დაკავებულის გიგა ტატიაშვილის ადვოკატის თქმით, ტატიაშვილი მართავდა "მერსედესის" ტიპის ავტომობილს. თავად დაკავებული არ უარყოფს, რომ ავტომაგისტრალზე მოხდა ინციდენტი ორ მხარეს შორის, თუმცა თავად იმყოფებოდა ავტომობილის შორიახლოს და აღნიშნულ ინციდენტში არ იღებდა მონაწილეობას.
"გიგას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია საერთოდ, მეტიც გუშინ ამოცნობაზე ვიყავით. ე.წ. ოქროს მოწმე ჰყავდათ მოყვანილი. მან ცალსახად თქვა, რომ ეს ბიჭი გადმოვიდა ვერცხლისფერი მანქანიდან და დიდი ალბათობით იყო მძღოლიო, მაგრამ ეს გადგა გვერდზე და ჩვენს მიმართ ძალადობა კი არა ზედმეტი სიტყვაც არ უთქვამს არაფერიო. როდესაც ესენი მანქანიდან გადმოვიდნენო, გიგას არანაირი მონაწილეობა ჩვენ წინააღმდეგ ძალადობაში არ მიუღია ჩვენ კონფლიქტი მოგვივიდა იმ მანქანაში მსხდომ სხვებთანო. ამ დროს შაქარაშვილი ჩვენთან ერთად აღარ იყოო," - განაცხადა გიგა ტატიაშვილის ადვოკატმა გიორგი ყიფშიძემ.
შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს.
საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 225-ე, 143-ე და 126-ე მუხლებით, რაც ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებს გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არ არის გამორიცხული შემდგომში ბრალი დამძიმდეს ან ბრალდებულთა რაოდენობა გაიზარდოს.
ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მცხეთაში, ერთ-ერთ აგარაკზე, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, საიდანაც მისი კვალი გაუჩინარდა. მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა.