22 დეკემბერი 2024,   16:30
ვრცლად
ინსპექტორ-გამომძიებლის მკვლელობა გორში - შსს-მ უცხოეთის მოქალაქე ცხელ კვალზე დააკავა

სამართალდამცავებმა პოლიციის თანამშრომლის მკვლელობის ფაქტზე, უცხოეთის მოქალაქე, 1989 წელს დაბადებული ჰ.დ. გორში, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც ბინას ქირაობდა 1978 წელს დაბადებული დ.ს.-სგან, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა დ.ს.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მოკლული პოლიციელი  ერედვის რაიონული სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად მუშაობდა. შსს თანამშრომლის დაღუპვასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს და ახლობლებს.

დღის ამბები