26 დეკემბერი 2024,   16:37
ვრცლად
შეუსაბამობა მოწმეების ჩვენებებში - 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე "კურიერმა" მოწმეების ჩვენებები მოიპოვა

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები - საქმის მასალების მიხედვით, რომელიც 10 ტომისგან შედგება, იკვეთება რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, როდესაც კონკრეტულ ეპიზოდებზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებები ერთმანეთთან შეუსაბამოა. მათ შორის არის იმ პირების პოზიციაც, რომლებიც უკვე პასუხისგებაში მისცეს. საქმის მასალებს შორის არის დაზიანებების ოქმი, რომელიც ცხედრის დათვალიერების შემდეგ შედგა.

"კურიერმა" მოიპოვა იუბილარის, ანი გაბეჩავას ჩვენება, რომელიც 18 ივნისის ღამეს იხსენებს.

"დავინახე, რომ ჩემს უბნელ ნიკა ხეჩოშვილს ქვა ჩაარტყა მარცხენა მხარეს შუბლის ზედა ნაწილში ჩემმა მეგობარმა საბა ჩხარტიშვილმა, რა დროსაც ნიკა ხეჩოშვილმა მიიღო დაზიანება და წამოუვიდა სისხლი. ასევე, დავინახე ეზოში ჩემი მეზობელი ვახტანგ ჩიქოვანი, რომელსაც სახეზე აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები, მაგრამ ვინ მიაყენა, არ დამინახავს. თუმცა, ნამდვილად გეტყვით, რომ იყო ძლიერი ნაცემი. მე და ჩემი სტუმარი გოგოები ვცდილობდით ბიჭების გაშველებას და ვეუბნებოდით მათ, რომ წასულიყვნენ ჩემი დაბადების დღიდან. ჩვენი ძალებით შევძელით ბიჭების გაშვება და სახლის ეზოდან გაყრა. შევბრუნდით სახლში, სადაც დაგვხვდა გიორგი შაქარაშვილი, გურამ ამირხანაშვილი, იაკობ ბრეგვაძე და ვანო თეგაძე, რომლებიც ჩხუბის დროს გარეთ არ გამოსულან. მე მაშინვე შემომთავაზეს წავსულიყავი ლისზე, ირაკლი წაქაძის აგარაკზე და იქ გაგვეგრძელებინა ქეიფი, რაზეც დავთანხმდი. ლისზე ჩემ მეგობარ ჩხარტიშვილს დაურეკა თავისმა მეგობარმა ვახო ახვლედიანმა, რომელმაც უთხრა, რომ ის და გიორგი ქათამაძე, ჩხუბის შემდეგ, როდესაც მე გავყარე გარეთ და ვუთხარი, რომ აღარ დაბრუნებულიყვნენ, მაინც დაბრუნდნენ. შემდეგ, გიორგი შაქარაშვილი, ამირხანაშვილი, ბრეგვაძე აპირებდნენ ჩემთან მოსვლას, რა დროსაც მათ წინ გადაუდგა ვერცხლისფერი მერსედესი, საიდანაც გადმოვიდა რამდენიმე  პიროვნება, რომლებიც გაეკიდენენ და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა,"-ნათქვამია ანი გაბეჩავას ჩვენებაში. 

ვახო ახვლედიანის ჩვენებაში არსად არის ნახსენები, რომ მას დაერეკოს ლუკა ბეჟანიშვილთან, როგორც ირაკლი წაქაძის ჩვენებაშია ნახსენები. 

ვახო ახვლედიანის ჩვენება:

"ავტომანქანა უცბად გაჩერდა ჩემს წინ დაახლოებით 10-15 მეტრის მიმავალ ჩემს მეგობართან გიორგი ქათამაძესთან და კონსტანტინე ღიბრაძესთან. ავტომანქანიდან გადმოვიდა, დაახლოებით, ხუთი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებმაც ცემა დაუწყეს კონსტანტინე ღიბრაძეს და გიორგი ქათამაძეს, რის შემდეგაც ერთ-ერთი გამოიქცა ჩემსკენ და უკან გამოყვნენ დანარჩენებიც და როგორც კი მოვიდნენ ჩემთან, პირველმა პირმა ხელი დამარტყა სახეში.
... დავინახე სხვებიც მოდიოდნენ ჩემს საცემრად.
... გავიქეცით უკანა მიმართულებით ცენტრალურ საავტომობილო გზაზე
... რომ გავიქეცით მდევრები გაჩერდნენ.
... ამის შემდეგ ისევ გავაგრძელეთ გზა ქალაქი თბილისისკენ
....ხოლო კონსტანტინე ღიბრაძე იქ არ დამხვდა. მე უნდა მეკითხა გიორგი ქათამაძისთვის კონსტანტინე ღიბრაძე სად არის მეთქი, რა დროსაც იმავე ხიდზე როგორ კი გადავედით, ჩვენ უკანა მხრიდან დაგვეწია ავტომობილი.
....
ისინი ვინც ავტომობილიდან გადმოვიდნენ მოგვსდევდნენ უკან და გვეძახდნენ, გაჩერდით სად გარბიხართო და გვაგინებდნენ. მე ხიდზე, როგორც კი გადავედი იქვე ჩავუხვიე დაბლა ... დავიმალე ბუჩქებში, რა დროსაც საავტომობილო გზის მხრიდან დაახლოებით 10 წუთი მესმოდა ძახილის ხმა "სად გაიქეცით, გამოდით" და თან გვაგინებდნენ. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ ხმა შეწყდა, თუმცა მე მაინც არ გამოვსულვარ ბუჩქებიდან, სადაც ვიმალებოდი დაახლოებით 35-40 წუთი,"-ნათვქვამია ვახო ახვლედიანის ჩვენებაში. 

ირაკლი წაქაძის ჩვენება:

"კონსტანტინე ღიბრაძე უკრავდა ე.წ. "დიჯეის" დასაკრავ აპარატზე სხვადასხვა ჟანრის მუსიკას, რა დროსაც სისტემატურად იყო დამამცირებელი შეძახილები კონსტანტინეს მისამართით, ... ჩვენ ამაზე ერთჯერადად მივედით იმ შეკრებილი ახლაგაზრდებისკენ და მოვუწოდეთ თავი შეეკავებინათ. ... ვცდილობდით არ შევსულიყავით კონფლიქტში.
გარკვეული დროის გასვლის შემდეგ უკვე დაიწყეს ჩემი მეგობარი გოგოების მარიამ ხატისკაცის, ლიზი ნადირაძის და საბა ჩხარტიშვილის შეყვარებულის ბარბარე ურიდიას მისამართით შემაწუხებელი კომენტარების ძახილი.
... იმის გათვალისწინებით რომ არ ჩაშლილიყო ჩვენი მეგობრის დაბადების დღე თავს ვიკავებდით მაქსიმალურად კონფლიქტში შესვლისგან. ჩვენმა მოწოდებამ შედეგი გამოიღო დაახლოებით რამდენიმე წუთი.
... ჩვენ მეგობართან საბასთან მოვიდა ჩვენი მეგობარი გოგონა და უთხრა რომ სახლის გარეთ ქუჩაში იყო შელაპარაკება, ჩემ სხვა მეგობრებსა და ანა გაბეჩავას კლასელ მეგობრებს შორის. დიდი დრო დავუთმე სიტუაციის განმუხტვის პროცესს, რადგან ვცდილობდი დამეცვა მათი აგრესიისგან როგორც საკუთარი თავი , ასევე ჩემი მეგობარი გოგო-ბიჭები. ჩხუბი გაგრძელდა დაახლოებით ერთ წუთს, რის შემდეგაც მთელი საღამოს განმავლობაში აგრესიული ახალგაზრდები გადანაწილდნენ ორ ცალ მანქანაში და ჩქარი სვლით წავიდნენ ჩემთვის გაურკვეველი მიმართულებით.
... ლისზე წასვლის შემდეგ... ლუკა ბეჟანიშვილს დაურეკა ვახო ახვლედიანმა და უთხრა რომ "ის ნახალოვკელები" უკან დაბრუნდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ ვახო ახვლედიანს, კონსტანტინე ღიბრაძეს და ქათამაძეს.
... ლუკა და საბას მეგობრებმა მცხეთიდან თბილისში ჩამოიყვანეს ვახო ახვლედიანი, კოკო ღიბრაძე, ქათამაძე.ჩვენთვის ასევე ცნობილი გახდა რომ გურამ ამირხანაშვილს მოუხერხებია და ტაქსით წამოსულა სახლში .
... ქათამაძე წაიყვანეს ჩემი მანქანით საავადმყოფოში, ვინაიდან იყო ძალიან ნაცემი,"-ნათქვამია ირაკლი წაქაძის ჩვენებაში. 

დღის ამბები