26 აპრილი 2024,   12:33
ვრცლად
ექსპერტიზის თანახმად წარმოუდგენელია სამართლებრივად ვინმეს პასუხისმგებლობა დადგეს - შაქარაშვილის საქმის ბრალდებულების ადვოკატი

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული. საქმეზე ბრალი დღეს დამძიმდა. პროკურატურამ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ მუხლი დააზუსტა და ახლა გამოძიება ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ბრალდებით დამამძიმებელ გარემოებებში მიმდინარეობს. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც არაგვის ხიდთან მყოფ ახალგაზრდებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

საუბარია ნაძალადეველების 2 ჯგუფზე - "მერსედესის" მგზავრები და "ტოიოტა ქამრის" მგზავრები.

ბრალდებულ ვასილ მახარაძისა და არჩილ გაგნიძის ადვოკატის ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, ამ ეტაპზე არანაირი გარემოება არ იკვეთება, რომ პროკურატურა მისი დაცვის ქვეშ მყოფებს სხვა ბრალს ედავებოდეს.

ადვოკატის თქმით, ექსპერტიზის თანახმად სამართლებრივად წარმოუდგენელია რომელიმეს პასუხისმგებლობა დადგეს, ვინაიდან უნდა დადგინდეს მათი ფიზიკური კონტაქტი გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილთან.

"ამ ეტაპზე არანაირი ახალი გარემოება არ გვაქვს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს პროკურატურა სხვა ბრალს ედავებოდეს. ხოლო აღნიშნული ექსპერტიზის თანახმად წარმოუდგენელია სამართლებრივად, რომ ვინმეს პასუხისმგებლობა დადგეს იმიტომ, რომ უნდა დადგინდეს შემხებლობა, ცხონებულ შაქარაშვილთან ჰქონდა თუ არა ვინმეს უშუალო კონტაქტი. მე ვგულისხმობ ფიზიკურ კონტაქტს," - განაცხადა ვასილ მახარაძისა და არჩილ გაგნიძის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.

დღის ამბები