გიორგი რურუას საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში. პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. გიორგი რურუამ სასამართლოს ჩვენება მისცა და კიდევ ერთხელ გაიხსენა დაკავების და დნმ-ის ანალიზის აღების მომენტები. რურუას საქმის პროცესი უკვე დასკვნით ეტაპზეა, დასრულებულია დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა.
მომდევნო პროცესი ხვალ ჩაინიშნა, რომელზეც ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.
ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფის უკანონო პატიმრობაზე საუბრობს.
"გიორგი რურუა ციხეში იმყოფება არა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე,“ - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი, ელენე ხოშტარია პოლიტიკურად მართულ სასამართლოზე საუბრობს და ამბობს, რომ გიორგი რურუა დღეს უკანონო პატიმარია.
„სამწუხაროდ, სასამართლოს იმედი არ მაქვს, ეს არ არის სასამართლო ის რაც აქ ხდება. რა დარღვევებიც გამოვლინდა, მარტო სამართლებრივი მხარეც რომ ავიღოთ, აბსოლუტურად ყველა მოსამართლისთვის ცხადი იქნებოდა, რომ იმ წამსვე უნდა გაეშვა. ყოველ სხდომაზე ის დარღვევები, რაც ვლინდება, იქვე, ადგილზე უნდა გაუშვას როგორც მსხვერპლი გიორგი რურუა,“ - ამბობს ელენე ხოშტარია.
გამოძიება გიორგი რურუას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.