16 აპრილი 2024,   15:25
ვრცლად
თამარ ბაჩალიაშვილს სხეულზე ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება - შსს გარდაცვლილი პროგრამისტი ქალის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

პირველადი დათვალიერებით გარდაცვლილის სხეულს ძალადობის კვალი არ აღენიშნება ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა. მისი თქმით, გამოძიება მუშაობას ყველა შესაძლო ვერსიაზე.

"ვუსამძიმრებთ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს და გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ამ ეტაპზე ჩვენს ხელთ არსებული პირველადი ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით.

გაცნობებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში 18 ივლისს, საღამოს შემოვიდა შეტყობინება თამარ ბაჩალიაშვილის დაკარგვის შესახებ. შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო თამარ ბაჩალიაშვილის ძებნის ღონისძიებები, ხოლო 19 ივლისს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება თამარ ბაჩალიაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით.

სამართალდამცველების მხრიდან მიმდინარეობდა ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები, მათ შორის, თამარ ბაჩალიაშვილის ფოტოსურათი დაიგზავნა საქართველოს მასშტაბით ყველა დანაყოფს, ასევე, ძებნაზე გადაეცა მისი ავტომანქანა. კამერების დათვალიერების შედეგად, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომანქანა ბოლოს დაფიქსირდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის "ჭკვიან" კამერაზე, სადაც ჩანს, რომ მანქანას იგი თავად მართავდა. აღნიშნულის შემდგომ, პოლიციის მიერ საძიებო სამუშაოები გაგრძელდა ხაიშის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, გამოიკითხა ადგილობრივი მოსახლეობა.

აღსანიშნავია, რომ დაკარგული გოგონას სამძებრო ღონისძიებებში, პოლიციელებთან ერთად, ყოველდღიურად მონაწილეობდნენ მეხანძრე-მაშველები, რა დროსაც გამოყენებულ იქნა დრონები, სხვა სპეციალური ტექნიკური საშუალებები და ვერტმფრენი.

თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი 2020 წლის 22 ივლისს აღმოჩენილ იქნა მისსავე ავტომანქანაში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას.

გარდაცვლილის აღმოჩენისთანავე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების პროცესში ჩართული იყო თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ინტერესების დამცველი, ასევე, გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში ჩართულია ოჯახის მიერ მოწვეული ექსპერტი.

პირველადი დათვალიერებით, გარდაცვლილს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება. საქმეზე ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, დადგენილია, რომ 17 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილმა აფთიაქში შეიძინა გარკვეული მედიკამენტები, რაც გამოძიების მიერ დგინდება, არის თუ არა მისი ჩანთიდან ამოღებული მედიკამენტების იდენტური. ამოღებულია ასევე წერილი, სადაც საუბარია ანაბარის გამოყენებაზე, რასთან დაკავშირებითაც გამოთხოვილია ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის საბანკო ანგარიშების შესახებ. ასევე, თამარ ბაჩალიაშვილის სამუშაო ადგილიდან ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა, გამოიკითხნენ მისი თანამშრომლები, ოჯახის წევრები, გამოთხოვილია ვიდეოკამერის ჩანაწერები.

გამოძიება მუშაობს ყველა შესაძლო ვერსიაზე და აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებას ეტაპობრივად მოვახდენთ."- განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ 23 წლის  თამარ თამარ ბაჩალიაშვილი გუშინ თეთრიწყაროს ტერიტორიაზე, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

დღის ამბები