14 სექტემბერი 2026,   01:42
ვრცლად
"გიორგი შაქარაშვილმა მითხრა, რომ კონფლიქტში მონაწილეობა არ მიუღია" - დიჯეი კოკო ღიბრაძემ გამოძიებას ახალი დეტალების შესახებ უამბო

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მოწმის სახით ხელახლა გამოკითხული დიჯეი გამოძიებას ახალ დეტალებს აწვდის. კოკო ღიბრაძის ჩვენების მიხედვით, ანა გაბეჩავას დაბადების დღეზე დიჯეის როლში მის ყოფნას მცირედი შელაპარაკება მოჰყვა. ღიბრაძე ჩვენებაში საგამოძიებო უწყებას განუმარტავს, რომ საქმის გარშემო გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი დეტალების დამატება სურს.

"ჩემი დიჯეის როლში ყოფნას წვეულებაზე არსებითი მნიშვნელობის არა, თუმცა, მცირედი შელაპარაკება მოჰყვა. ერთ-ერთმა სტუმარმა, რომელიც რამდენიმე პირთან ერთად იმყოფებოდა, მე ხმამაღლა მომმართა "ეი, დიჯეი", რაც ჩემთვის არასასიამოვნო იყო, მე მივედი მასთან და ვუთხარი, რომ დაქირავებული დიჯეი არ ვიყავი, მე დაბადების დღეზე მისული ვიყავი, როგორც ანა გაბეჩავას მეგობარი, ხელი ჩამოვართვი და ამით დასრულდა ეს საკითხი."

"ავტობანზე, ფეხით მოძრაობისას ჩვენ ნამდვილად წამოგვეწია ორი პიროვნება, მათ გაგვაჩერეს და დაუწყეს საუბარი გიორგი ქათამაძეს, ამ ეპიზოდში მეც მივუახლოვდი მათ, საუბრის შინაარსიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნულმა ორმა პიროვნებამ დააზუსტა, თუ რომელი უბნიდან ვიყავით ჩვენ, რის შემდეგაც ტელეფონის ნომრები გამოართვეს ჩემს მეგობარ გიორგი ქათამაძეს შემდეგში შეხვედრის მიზნით, რის შემდეგაც ჩემსკენ მოტრიალდა ერთ-ერთი მათგანი და მკითხა, თუ რით ვაპირებდით წასვლას. მე ვუთხარი, რომ ტაქსით უნდა წავსულიყავით ადგილიდან, რის შემდეგაც ჩვენ ადგილიდან წამოვედით. მე ზოგადად, სხვა ფაქტებთან დავაკავშირე ზემოაღნიშნული პირების ჩვენთან მოსვლა და რამდენადაც მე მივხვდი, გიორგი ქათამაძეს ნომერი გამოართვეს აგარაკზე მომხდარი დაპირისპირების შემდგომში გასარჩევად.

მე ავტომობილიდან გადმოსულმა სრული აღნაგობის პიროვნებამ დამარტყა, მას ხელში ეჭირა მოგრძო საგანი, რომელიც ვერ გავარჩიე, სწორედ აღნიშნული საგანი ჩამარტყა მარჯვენა ფეხის ბარძაყში. ავტომობილიდან კიდევ რამდენიმე პიროვნება გადმოვიდა და ყველას ეტყობოდა, რომ ჩვენს ცემას აპირებდნენ. ყველა ჩემი თანხმლები პირებისკენ გაიქცა ერთის გარდა, ამანაც ერთხელ ჩამარტყა ფეხში და მე გაქცევა მოვახერხე, რის შემდეგაც იმათკენ წავიდა ესეც. რამდენადაც ვიცი, ყველა პიროვნებამ იძალადა გიორგი ქათამაძეზე, ასევე იძალადეს ვახტანგ ახვლედიანზე. ეს იმ ეპიზოდში არ დამინახავს ფიზიკურად, ვინაიდან გავრბოდი, შემდეგში დავაკავშირე ერთმანეთთან ფაქტები, თან ვახტანგ ახვლედიანთან და გიორგი ქათამაძესთან მქონდა საუბარი, გიორგიმ მითხრა, რომ მას ძალიან ბევრი ადამიანი ურტყამდა, ვახტანგ ახვლედიანმა მითხრა, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს იმ პირებმა, რომლებიც ჩვენ უკან მოგვყვებოდნენ, რომლებმაც მანამდე გიორგი ქათამაძეს ნომერი გამოართვეს და მე მკითხეს, თუ რითი ვაპირებდით ადგილიდან წასვლას.

მე არ ვიცი ჰქონდა, თუ არა, გიორგი შაქარაშვილთან ვინმეს პირადი ანგარიშსწორების მოტივი, არც დაბადების დღეზე შემინიშნავს რაიმე ამ კუთხით. გზაზე მოძრაობისას გიორგი შაქარაშვილმაც მითხრა, რომ მას წვეულებაზე მომხდარ კონფლიქტში მონაწილეობა არ მიუღია.

არ ვიცი რა იყო მათი აგრესიის მიზეზი, მე არ მიმიღია წვეულებაზე მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობა, ასევე რამდენადაც მე ვიცი, ჩემი თანმხლები პირებიდან არცერთს არ მიუღია წვეულებაზე მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა, ერთადერთი მიზეზი ჩვენი "საბურთალოელობა" იყო ალბათ," - აცხადებს ჩვენებაში კოკო ღიბრაძე.

დღის ამბები