იუბილარი, რომლის წვეულების შემდეგ განვითარებულ მოვლენებსაც გიორგი შაქარაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, გამოძიებისთის მიცემულ ჩვენებაში, წვეულების მეორე დღის შესახებ საუბრობს, რომელშიც აცხადებს, რომ მას კონტაქტი ქონდა რამდენიმე მეგობართან და საუბარი შეეხებოდა გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის ფაქტს:
"19 ივნისს დაბარებული ვიყავი მცხეთის რაიონულ პოლიციაში გამოკითხვის მიზნით, მამაჩემი, ვინაიდან არ იმყოფებოდა თბილისში, მან თხოვა მის მეგობარს ირაკლი რეხვიაშვილს, რომ წამომყოლოდა პოლიციაში.
... დილიდან სატელეფონო კონტაქტი მქონდა ჩემს მეგობრებთან, ვანო თეგაძესთან, ეთო ხოშტარიასთნ, თენგო ბარბაქაძესთან, ირაკლი მუმლაძესთან, ნ.ც-სთან, ლ.შ-სთან. მცხეთაში წასვლამდე გვინდოდა გვენახა ერთმანეთი და გვესაუბრა წინა დღესთან დაკავშირებით.
... შევთანხმდით, რომ გამომივლიდნენ, მიმიყვანდნენ სავაჭრო ცენტრ "მეგალაინთან" ასეც მოვიქეცით. ...ჩვენი საუბარი შეეხო გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის ფაქტს.
... ჩემი მეგობრების, თენგო ბარბაქაძის, ირაკლი მუმლაძის, ნ.ც-ს და ლ. შ-ს საუბრის კონკრეტული დეტალები არ მახსოვს.
... ამ დროს მოვიდა მამაჩემის მეგობარი ირაკლი რეხვიაშვილი, ასევე მას ახლდა ორი მამაკაცი, რომლებიც ვიცი, რომ არაინ მამაჩემის მეგობრები, მაგრამ მათი სახელი და გვარი არ ვიცი, მათ მოსვლისას დიდი ხნით აღარ გავჩერებულვართ.
... მამაჩემის მეგობრებსა და ჩემს მეგობრებს შორის, აღნიშნული შეხვედრის დროს რაიმე სახის საუბარი არ ყოფილა, მითუმეტეს რაიმე სახის დაძაბული საუბარი მათ შორის," - ამბობს ანი გაბეჩავა ჩვენებაში.
გამოძიებას აქვს ანი გაბეჩავას მამის მეგობრის ირაკლი რეხვიაშვილის ჩვენებაც, რომელშიც ის ამბობს რომ ანის მეგობრებს არ იცნობს:
"მეგალაინის" მიმდებარე ტერიტორიაზე შევხვდი ანას. მასთან ერთად იმყოფებოდნენ მისი მეგობარი გოგოები და ბიჭები, თუმცა მე არცერთ მათგანს არ ვიცნობ.
... მალევე "მეგალაინთან" მოვიდა ჩემი და გოდერძის საერთო მეგობარი სერგო ენდელაძე. მე ჩავსვი ანა გაბეჩავა ჩემს ავტომანქანაში და წავიყვანე მცხეთის პოლიციაში. ... მე არ ვიცნობ ანა გაბეჩავას არცერთ მეგობარს და არ მქონია არცერთ მათგანთან არანაირი საუბარი, - აცხადებს ირაკლი რეხვიაშვილი ჩვენებაში.
19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის. 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ოჯახმა გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ პოლიციას 19 ივნისს მიმართა. მანამდე ის ნარეკვავის დასახლებაში წვეულებაზე იმყოფებოდა. ახალგაზრდა ფეხბურთელი 22 ივნისს მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.