გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ბიძა პროკურატურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს. საუბარია 23 წლის გოგოს მამისთვის დაზარალებულად ცნობის სტატუსის მინიჭებაზე, ასევე საქმეში თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლის ჩამატებაზე.
კობა თამაზაშვილი ამბობს, რომ ოჯახს გაუმყარდა ვერსია, რომ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი შანტაჟის მსხვერპლია.
"ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია გამოძიების სივრცეში. რადგან ჩვენ მივიჩნიეთ, რომ გამოძიების მასალებს დავეყრდნობოდით, ფაქტობრივად ჩვენი ერთ-ერთი ვერსია, თვითმკვლელობამდე მიყვანაზე შეიძლება რომ გამართლდეს. მე ბოლომდე ვერ ვიტყვი, ვენდობი თუ არა, მე მინდა ბოლომდე გავეცნო საქმის მასალებს, დასკვნას გავეცნო, შევჯერდეთ ოჯახის ადვოკატთან ერთად," - განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის ბიძამ, კობა თამაზაშვილმა.
უფლებადამცველი არ გამორიცხავს, მტკიცებულებების თანახმად, ძიება განზრახ მკვლელობის ვერსიაზეც გაგრძელდეს.
"მოთხოვნა იყო, რომ დაზარალებულების უფლებამონაცვლედ ყოფილიყო ოჯახის წევრი ცნობილი და საქმის მასალების გაცნობა მომხდარიყო ჩემს მიერ. დღეს შეტყობინება მივიღე, რომ დაემატა 143-ე მუხლს 115-ე მუხლის პირველი ნაწილი. აქცენტი გაკეთება იმაზე, რა მტკიცებულებები რაზე იქნება დაფუძნებული. რამ განაპირობა ამ ბავშვის გარდაცვალება, რას ეფუძნება მტკიცებულებები," - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნეს, - დაკმაყოფილდა ოჯახის კიდევ ერთი მოთხოვნა და საქმის კვალიფიკაციას თავისუფლების უკანონო აღკვეთას, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.