24 აპრილი 2024,   06:50
ვრცლად
თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში - ოჯახი დარწმუნებულია, რომ ახალგაზრდა ქალი შანტაჟის მსხვერპლი გახდა

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მამას, გოგონას გაუჩინარებიდან ერთი კვირის თავზე დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა, საქმეს კი თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა. პროკურატურას ამ მოთხოვნით დღეს ადვოკატი და გარდაცვლილი ქალის ოჯახი ერთობლივად მიმართავდა. თამარ ბაჩალიაშვილის ბიძა ფიქრობს, რომ საქმეში გამოძიების მიმდინარეობისას გამოიკვეთა ისეთი მნიშვნელოვანი დეტალები, რამაც სტატუსის მინიჭებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

ოჯახი ახლა კიდევ უფრო მტკიცედაა დარწმუნებული, რომ ბაჩალიაშვილი, შაბათს დილით სახლიდან შანტაჟითა და მოტყუებით წაიყვანეს, ეს ყველაფერი კი მათი თქმით, ისევ სამსახურსა და გოგონას საქმიანობას უკავშირდება. ისინი ამ ეტაპზე საგამოძიებო უწყებას ნდობას უცხადებენ და უკვე მე-7 დღეა თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ.  

თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და თვითმკვლელობამდე მიყვანა - ახლა გამოძიება 23 წლის პროგრამისტის საქმეს ამ მუხლებით იძიებს. ადვოკატი დარწმუნებულია, რომ საქმის მასალებში მნიშვნელოვანი მტკიცებულებები იქნება იმის შესახებ, თუ ვინ დაურეკა ბოლოს ბაჩალიაშვილს მობილურ ტელეფონზე, რა ინფორმაცია ამოიღეს გარდაცვლილის კუთვნილი კომპიუტერიდან, რა ჩვენება მისცა კომპანია "ზეგ"-ის დირექტორმა 7 საათიანი გამოკითხვის შემდეგ გამოძიებას და რატომ ვერ შეძლეს სამართალდამცველებმა გოგონას პოვნა 4 დღის განმავლობაში. ეს იმ კითხვათა ჩამონათვალია, რომელთა პასუხებიც უფლებადამცველს საქმის მასალებში ეგულება.

გარდაცვლილის მამაც მე-7 დღეა ამტკიცებს, რომ მისი შვილი ნებით თავს არ მოიკლავდა. ის დღეს მედიასთან მხოლოდ იმის თქმით შემოიფარგლა, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თამარ ბაჩალიაშვილმა განზრახ დიდი დოზით წნევის დამწევი წამლები დალია, სიმართლეს არ შეესაბამება. ჯუმბერ ბაჩალიაშვილის მტკიცებით გოგონა შანტაჟისა და ფსიქოლოგიური ზემოქმედების მსხვერპლი იყო. წამლების ვერსიის არ სჯერა არც გარდაცვლილის ოჯახის ახლობლებს და მეგობრებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მედიკამენტები, რომლებიც სამართალდამცველებმა გარდაცვლილის კუთვნილი ჩანთიდან ამოიღეს მეტაპროლოლის ტარტრატის ჯგუფს განეკუთვნება. ახლა ექსპერტიზა იმის დადგენას ცდილობს, არის, თუ არა აღნიშნული პრეპარატი გარდაცვლილის კუჭის მასაში და სისხლში. სწორედ ამ კითხვით სამხარაულს საექსპერტო ბიუროს გამოძიებამ უკვე მიმართა. ადვოკატს ამ საკითხზე მყარი პოზიცია აქვს, იმ შემთხვევაშიც, თუ ამ ჯგუფის მედიკამენტი გარდაცვლილის სისხლში აღმოჩნდება, არსებითად არაფერს შეცვლის, რადგან ადვოკატის თქმით, ეს ზეწოლითა და დაშინებით მოხდებოდა და სწორედ ამას ეწოდება თვითმკვლელობამდე მიყვანა.

კითხვები ვერსიები და ვარაუდები 23 წლის პროგრამისტის საქმეზე ყოველდღიურად გროვდება, ოფიციალურად კი რა გახდა 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზი სამხარაულის ექსპერტიზა დაახლოებით 10 დღეში დაადგენს.

 

დღის ამბები