08 სექტემბერი 2026,   22:40
ვრცლად
ზუგდიდში ცემენტის ქარხნის შესაძლო მშენებლობას აპროტესტებენ

ზუგდიდში ცემენტის ქარხნის შესაძლო მშენებლობა გააპროტესტეს. "ენგურ ქაღალდ კომბინატის" დასახლებაში ადგილობრივები შეიკრიბნენ და პეტიციის ტექსტი წაიკითხეს. პეტიცია პრემიერ-მინისტრის, ჯანდაცვის მინისტრის, გარემოს დაცვის მინისტრის, ზუგდიდის მერისა და იმ კომპანიის დირექტორის სახელზეა შედგენილი, რომელიც, შეკრებილების მტკიცებით, ცემენტის ქარხანას აშენებს.

აქციის მონაწილეები ობიექტის მშენებლობის საწინააღმდეგოდ ხელმოწერების შეგროვებასაც გეგმავენ. მათი თქმით, დასახლებული პუნქტის სიახლოვეს ცემენტის ქარხნის მშენებლობა საზიანოა, როგორც ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ასევე გარემოსთვის.

აქციის მონაწილეებს "სამეგრელოს ხმის" ლიდერი თენგო ჯგუშია შეუერთდა. მისი მტკიცებით, კომბინატის მშენებლობის შესაბამისი ნებართვა არსებობს, თუმცა სხვა ტერიტორიაზე და აღნიშნულ ადგილას მშენებლობა უკანონოა.

ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ ადგილობრივ ხელისუფლებაში. ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას განცხადებით, ამ დრომდე ცემენტის ქარხნის მშენებლობისთვის არავითარი განცხადება მერიაში არ შესულა და შესაბამისად, არც რაიმე ნებართვა გაცემულა. მამუკა წოწერია განმარტავს, რომ თუ მსგავსი წინადადება იქნება, გადაწყვეტილებას მხოლოდ მოსახლეობის ჩართულობითა და ყველა ინტერესის შეჯამებით მიიღებენ.

დღის ამბები