13 სექტემბერი 2026,   07:52
ვრცლად
წყალდიდობა რაჭაში - გარესამყაროს მოწყვეტილი 12 სოფელი, 10-მდე დაზიანებული ხიდი და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა

ამინდის მკვეთრმა გაურესებამ რეგიონებში პრობლემები შექმნა - რაჭაში სტიქიის შედეგებთან ბრძოლა ამ დრომდე გრძელდება.

ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ ონის მუნიციპალიტეტის სოფელი ღები და რამდენიმე დასახლება მნიშვნელოვნად დააზარალა. დატბორილია მოსახლეობის სახნავ-სათესი ნაკვეთები, რამდენიმე სოფელი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, სტიქიის ზონაში შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები უკვე გაემგზავრნენ. სოზარ სუბარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი ადგილზე გაეცნობიან სტიქიის შედეგად შექმნილ ვითარებას.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე "კურიერთან" სატელეფონო საუბარისას აცხადებს, რომ ჯამში 12 სოფელია გარესამყაროს მოწყვეტილი. წყალმა 10 ხიდი წაიღო და დააზიანა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები.

"12 სოფელი არის გარესამყაროს მოწყვეტილი, წაღებული არის 10 ხიდი, ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფლებს. სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის მანძილზე მიდიოდა. საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის. მაქსიმალური კოორდინაცია გვაქვს მოსახლეობასთან სოფლის რწმუნებულების მეშვეობით. აღდგენითი სამუშაოები დავიწყეთ. ცენტრალური გზა არის დაზიანებული და შემოვლითი გზის მშენებლობები დაწყებულია," - აცხადება რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე.

სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია და მდინარის დონემ საგრძნობლად იკლო, თუმცა სხვა მხრივ ვითარება საკმაოდ კრიტიკულია. ონის მუნიციპალიტეტის 12 სოფელი არის მოწყვეტილი გარესამყაროს, 10-მდე ხიდი არის სრულად განადგურებული, ცენტრალური გზის რამდენიმე მონაკვეთი კი ჩანგრეულია. დაახლოებით 2 000-მდე აბონენტი არის დარჩენილი ელექტროენერგიის გარეშე და კომპანია "ენერგო პროს" წარმომადგენლები დაზიანების ადგილზე მისვლას სწორედ უგზოობის გამო ვერ ახერხებენ.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა სოფელ უწერაში. ადგილობრივების განცხადებით, დაახლოებით 10 სახლს შეექმნა მნიშვნელოვანი პრობლემები და შენობები, ფაქტობრივად დანგრევის პირას არის.

"მთელი ღამე წვიმდა გადაუღებლად, საშინელი ამინდი იყო. ჩავედით ქვემოთ, არის გზები და ხიდი წაღებული, არის ერთი სახლი წაღებული გაღმა უდებში, ვენახები წაღებულია, სოფელთან მისასვლელი გზები არ გვაქვს რაიონიდან. ძალიან ცუდი მდგომარეობაა უწერაში ამ ეტაპზე. ვართ მოწყვეტილი სამყაროს," – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა ნონა ჩიხრაძემ.

დღის ამბები