რაჭაში 12 სოფელი გარესამყაროს მოწყდა. 2 000-მდე ადამიანი ამ დრომდე დახმარებას და სტიქიის ზონის დატოვებას ელოდება. ამ წუთეში მოვლენების ეპიცენტრში ვერტმფრენებს ელოდებიან, რომლითაც სახიფათო დასახლებებიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყება. მათ შორის არიან ტურისტებიც.
ადიდებული მდინარეების გამო დაზიანებულია სხვადასხვა სოფლის ცენტრალურ გზებთან დამაკავშირებელი 10 ხიდი. ასევე, დაზიანებულია წყალსაცავიც და ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც სოფლებს დენი არ მიეწოდებათ.
რაც შეეხება ზარალს, რომელიც ონის რაიონის 12 სოფელს მიადგა - ის საკმაოდ დიდია. როგორც უკვე ცნობილია, განადგურებულია სრულად 10 ხიდი და ასევე ჩანგრეულია ცენტრალური გზის რამდენიმე მონაკვეთი, რის გამოც სპეცტექნიკა მუშაობას ვერ ახერხებს.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, შესაბამისი სამსახურები მოსახლეობის წყლით მომარაგებას უზრუნველყოფენ. არჩილ ჯაფარიძე აცხადებს, რომ შესაძლოა, დღის ბოლომდე 5 სოფელში ელექტროენერგია აღდგეს.
"ენერგო-პრო ჯორჯიას" დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის დირექტორი ედიშერ ნუცუბიძე ამბობს, რომ შეძლებისდაგვარად, კომპანიას მობილიზებული ჰყავს ცოცხალი ძალა და ტექნიკა. რაც შეეხება ელექტრო მომარაგებას, მისივე განცხადებით, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე აბონენტების გარკვეულ ნაწილს ელექტროენერგია აღუდგება.
ადგილზე პრემიერ-მინისტრის დავალებით სხვადასხვა სამთავრობო უწყების წარმომადგენლები იმყოფებიან. ასევე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი. ასევე, ჩასულია შინაგან საქმეთა მინისტრი ოთარ ჭელიძეც. როგორც ისინი "კურიერთან" საუბარში აღნიშნავენ, პროცესში უკვე ჩაერთო ვერტმფრენი და სხვადასხვა წერტილებიდან მოსახლეობისა და ტურისტების ევაკუაცია მიმდინარეობს.
"შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩართული არის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურით და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით. საჭიროების შემთხვევაში, ვისაც ექნება გადმოყვანის სურვილი - დამსვენებლებს თუ ადგილობრივ მოქალაქეებს, თავისთავად, დავეხმარებით და გამოვიყვანთ. ამ ეტაპზე მსგავსი არის მხოლოდ 2 ლოკაციაზე," – აცხადებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი აცხადებს, ისინი დაეხმარებიან ყველას, ვისაც თუნდაც, მაგალითად მედიკამენტების პრობლემა შეექმნებათ.
"დღეს უკვე დაიწყება როგორც ხიდების, ასევე გზის ჩაწყვეტილი მონაკვეთების აღდგენა, ან ზოგან შემოვლითი გზის აღდგენა. ამაზე ინფრასტრუქტურის სამინისტრო უკვე შესულები არიან და მუშაობენ კონკრეტულ გეგმაზე, ტექნიკის მობილიზებაც ხდება, თუმცა არიან ადამიანები, რომელთა გამოყვანის საჭიროება არის," - განაცხადა სოზარ სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ უხვი ნალექის და სეტყვის შედეგად რაჭაში მდინარეები ადიდდა და ონის მუნიციპალიტეტის 12 სოფელი ამ დრომდე გარე სამყაროს მოწყვეტილია. ზარალის დათვლასთან დაკავშირებით მუშაობა უკვე მიმდინარეობს და ვრცელი სურათი ამ მიმართულებით რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.