18 ნოემბერი 2024,   02:02
ვრცლად
იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე აშშ-ს ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს შეხვდა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა.

მხარეებმა ადგილობრივი თვითმმართველობის მნიშვნელობაზე, რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ თუ სხვა სფეროებში განხორციელებულ პროექტებზე, წინასაარჩევნო გარემოსა და იმერეთის მხარეში ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

"გუბერნატორ შალამბერიძესთან ერთად სხვადასხვა საკითხებზე ვისაუბრეთ, მათ შორის ადგილობრივი მმართველობის მნიშვნელობაზე და მოსახლეობის როლზე, რომ უკეთ მოახდინონ პრობლემური საკითხების წამოჭრა ადგილობრივ მთავრობასთან, რომ ისინი მოგვარდეს. აგრეთვე ვისაუბრეთ დამდეგ არჩევნებზე და იმისთვის მზადებაზე, რომ არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი. აქ გასათვალისწინებელია COVID-19-ით გამოწვეული ვითარებაც. შევეხეთ ეკონომიკასა და მიმდინარე პროექტებს, რამაც მეტი კეთილდღეობა უნდა მოუტანოს რეგიონს," - განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძემ აღნიშნა, რომ USAID-ის დახმარებით სხვადასხვა მიმართულებით ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა .

"USAID-ის დახმარებით ჩვენ ძალიან ბევრი პროექტი უკვე განვახორციელეთ სხვადასხვა მიმართულებით. ეს არის საგანმანათლებლო, კულტურული და თვითმმართველობის კიდევ უფრო მეტად განვითარება. თავისთავად საუბარი შეეხო საარჩევნო გარემოს," - აცხადებს ზვიად შალამბერიძე

დღის ამბები