შინაგან საქმეთა სამინისტროში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. დღეს უწყებაში მიყვანილი ჰყავდათ ერთ-ერთი ბრალდებული, რომლის ამოცნობის პროცედურაც უნდა მომხდარიყო. "კურიერმა" გაარკვია, რომ საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობდა ვახტანგ ჩიქოვანი. მონაწილეობდა თუ არა ის დაპირისპირებაში - გამომძიებლების კითხვაზე საქმის მთავარ მოწმეს გურამ ამირხანაშვილს უნდა ეპასუხა.
ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატმა საგამოძიებო უწყება ცოტა ხნის წინ დატოვა. არჩილ ბერიანიძე ამბობს, რომ ვახტანგ ჩიქოვანი გურამ ამირხანაშვილს უნდა ამოეცნო, თუმცა ბრალდებულმა და მისი უფლებების დამცველმა პროცედურაზე უარი განაცხადეს იმ მოტივით, რომ ამირხანაშვილს ჩიქოვანი უკვე ნანახი ეყოლებოდა მედიის საშუალებით და ამავე დროს ისინი ერთხელ უკვე შეხვდნენ ერთმანეთს სამხარაულის ბიუროში ექსპერტიზის დროს:
"ნიმუშის აღების დროს, გამოძიების მიმდინარეობისას როდესაც ჩვენ მაქსიმალურად ვთანამშრომლობდით გამოძიებასთან, რამდენიმე საათის განმავლობაში ისინი ერთად იმყოფებოდნენ გვერდიგვერდ და იცოდნენ ერთმანეთის ვინაობის შესახებ. ასევე მთელი გამოძიების განმავლობაში, მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა ვახტანგ ჩიქოვანის სურათები და შესაბამისად ამოცნობას არსი ჰქონდა დაკარგული. მე შემიძლია ერთი განგიმარტოთ, რომ ვახტანგ ჩიქოვანს დაპირისპირებაში დაბადების დღიდან წამოსულს მონაწილეობა არ მიუღია, შესაბამისად გამოირიცხება რომ შურისსაძიებლად ყოფილიყო ვინმესთან წასული," - აცხადებს ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატი არჩილ ბერიანიძე და ამბობს რომ დამატებით გარემოებებზე სასამართლოზე ისაუბრებს. ადვოკატმა ასევე არ უპასუხა შაქარაშვილის საქმის 23-ე ტომიდან გამომდინარე კითხვებსაც და კომენტარი არ გააკეთა ჩვენებებზე, რომელშიც ნათქვამია, რომ ნარეკვავის აგარაკზე მისული ვახტანგ ჩიქოვანი არა თავის მეგობრებს, არამედ დაპირისპირებაში მონაწილე პირებს ეძებდა.
19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის. 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ოჯახმა გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ პოლიციას 19 ივნისს მიმართა. მანამდე ის ნარეკვავის დასახლებაში წვეულებაზე იმყოფებოდა. წვეულების დროს და მის შემდეგ სხვადასხვა პირებს შორის რამდენიმე დაპირისპირება მოხდა. ახალგაზრდა ფეხბურთელი 22 ივნისს მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს. იმის მიუხედავად, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება 109-ე, განზრახ ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის მუხლითაც მიმდინარეობს, ჯერ ეს ბრალი არც ერთი დაკავებულისთვის არ წარუდგენიათ.