25 აპრილი 2024,   13:35
ვრცლად
ოზურგეთში, თურქულ კომპანია "ფოლადიოლში" მომუშავე მუშები 3 გათავისუფლებული თანამშრომლის დაბრუნებასა და კვების გაუმჯობესებას ითხოვენ

დღეს ხმაური იყო ოზურგეთში, თურქულ კომპანია "ფოლადიოლთან", რომელიც ქობულეთი-გრიგოლეთის ავტობანს აშენებს. აქ დასაქმებულმა მუშებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი სამსახურიდან 3 მუშის დათხოვნას აპროტესტებენ.

ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც 25-მა მუშამ კომპანიას საკვები პროდუქტების უკეთ დამზადება სთხოვა და გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიის თურქმა წარმომადგენლებმა ქართული ენა არ იციან, საერთო პოზიცია მათთან სამმა, თურქული ენის მცოდნე მუშამ გააჟღერა. პროტესტის მონაწილეების თქმით, აღნიშნული სამი ადამიანის დათხოვნა სწორედ ამის გამო მოხდა.

"მოუხარშავ ლობიოს და დაუმუშავებელი ზეთით დამზადებულ საკვებს გვაძლევენ. ამის გამო ყველას კუჭის პრობლემები გვაქვს. მენიუს გაუმჯობესებას ხომ არ ვითხოვთ, უბრალოდ რასაც გვაჭმევენ, ნორმალურად გაგვიკეთონ. ისედაც არათანაბარი პირობები გვაქვს თურქ დასაქმებულებთან შედარებით და ეს ელემენტარული მაინც გაგვიკეთონ. ამის ნაცვლად სამ ჩვენგანს სამსახურიდან უშვებენ,"- აცხადებენ საპროტესტო აქციის მონაწილეები.

როგორც მუშები ამბობენ, სამუშაოზე აღარ გავლენ, იქამდე ვიდრე მენიუ არ მოწესრიგდება და ხსენებული სამი დასაქმებული სამსახურში არ დაბრუნდება.

ადგილზე ოზურგეთის საკრებულოს წევრი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ბესო ქათამაძე იმყოფებოდა. მისი თქმით, აღნიშნულ საქმეს ადვოკატირებას მაქსიმალურად გაუწევს, საჭიროების შემთხვევაში იურისტებს ჩართავს და დასაქმებულების უფლებებს აუცილებლად დაიცავს.

რაც შეეხება თავად კომპანიის პოზიციას, ეს ჯერჯერობით უცნობია, რადგან "ფოლადიოლის" წარმომადგენლობამ კამერებთან კომენტარის გაკეთებას თავი აარიდა.

დღის ამბები