სასამართლო აქტების გამოქვეყნებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის საკანონმდებლო რეგულირების საკითხებზე ბათუმში 2 დღიანი სამუშაო შეხვედრა გაიხსნა. კონფერენცია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გახსნა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საერთო სასამართლოებში მიღებულ გადაწყვეტილებებში პერსონალური მონაცემები შესაძლოა გასაჯაროვდეს.
"საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საერთო სასამართლოების ფარგლებში მიღებული ყველა გადაწყვეტილება, განსაკუთრებით პერსონალური მონაცემები შესაძლებელია გასაჯაროვდეს და ამასთანავე აღნიშნა ამ გადაწყვეტილებაში, რომ აუცილებელია ამასთან დაკავშირებით არსებობდეს იმ პირის პოზიცია ვისაც შეეხება ეს გადაწყვეტილება, ვისი პერსონალური მონაცემის გასაჯაროებაზეც არის საუბარი. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვიდრე ჩვენ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად დავაინიცირებთ კანონპროექტს, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ასევე საერთო სასამართლოებისთვის, არასამთავრობო სექტორისთვის, საერთაშორისო პარტნიორებისთვის, სახელმწიფო ინსპექტორისთვის გვეკითხა აზრი," - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.