12 დაშავებული, განადგურებული ავტომობილები და დროებით შეფერხებული მოძრაობა - ასეთია ბორჯომში მომხდარი ავარიის შედეგები. თბილისი-ახალციხის სამგზავრო ავტობუსი ლიკანის დასახლებაში სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. თვითმხილველების ნაწილი ამბობს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი სავარაუდოდ წვიმიანი გზა გახდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 12 პირიდან 3 ბორჯომის საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. ექიმების განმარტებით კლინიკაში მიყვანილთა სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. ბორჯომის საავადმყოფოში მკურნალობას 9 დაშავებული განაგრძობს. რამდენიმე მათგანს ბარძაყის ძვლის მოტეხილობა აქვს, რის გამოც სავარაუდოდ ქირურგიული ჩარევა გახდება საჭირო.
საავადმყოფოში დარჩენილი დაშავებულები ამ დრომდე პირადად არ უნახავთ მათ ოჯახის წევრებს. ნათესავები თბილისიდან ბორჯომში ჩასული სპეციალური სამედიცინო ბრიგადის დასკვნებს ელოდებიან.
საავტომობილო შემთხვევასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ავტორი : მაია იველაშვილი