ამ დრომდე ეძებენ პირს, რომელმაც ტყიბულში 34 წლის ზაურ სოფრომაძეს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.
მამაკაცს საკუთარ მანქანაში რამდენიმე ტყვია მაშინ ესროლეს, როცა ცენტრალურ ტრასაზე მოძრაობდა და სახლში ბრუნდებოდა.
ერთ-ერთი ვერსიით, მისი გადაადგილების შესახებ ვიღაცას ინფორმაცია წინასწარ ჰქონდა და მას გზაზე ელოდებოდნენ. მოკლულს ჭრილობები ორივე ფეხსა და მუცლის არეში აქვს მიყენებული.
ტყიბულის რაიონულ პოლიციაში მოწმის სახით გვიან ღამემდე იკითხებოდნენ მოწმეები. გამოძიების კითხვებს 5 პირი პასუხობდა, თუმცა ყველა მათგანი საგამოძიებო ორგანოდან გამოუშვეს.
მოკლულის ახლობლები დამნაშავის დაუყონებლივ დასჯას მოითხოვენ.
ადვოკატის თქმით, მათი დაცვის ქვეშ მყოფებს მომხდარ მკვლელობასთან კავშირი არ აქვთ. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.