პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი დაათვალიერა. გიორგი გახარია ადგილზე არსებულ მდგომარეობას უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელებთან ერთად გაეცნო.
"ეს არის მაგალითი როგორ შეიძლება ცალკე აღებულ საგანმანათლებლო დარგს სისტემურად მიუდგე. მე ძალიან კარგად ვიცი აქ რა ხდებოდა, აქ იყო ჭაობი. ეს ახლა რასაც ჩვენ ვხედავთ უაღრესად შთამბეჭდავია. ემოციებს რომ თავი დავანებოთ, დღეის მდგომარეობით, ეს არის ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე აუცილებელი პროექტი. ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენ ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდობა გვყავს, მაგრამ მარტო ნიჭი გლობალურ თანამედროვეობაში უკვე საკმარისი აღარ არის. ამ ნიჭს სჭირდება მაღალტექნოლოგიური საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, რომელსაც ჩვენ აქ ვხედავთ. ეს არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ხვალინდელ გლობალურ კონკურენციას ჩვენმა შვილებმა და ბავშვებმა გაუძლონ. ის განათლება, რომელიც აქ უნდა მიიღონ, მათ მისცემს შესაძლებლობას, გლობალურად იყვნენ კონკურენტუნარიანები და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის განვითარებისთვის. ქუთაისი ხდება საუნივერსიტეტო ქალაქი," - განაცხადა გიორგი გახარიამ.
განათლების მინისტრის გიორგი ჩხენკელი აცხადებს, რომ უნივერსიტეტი სტუდენტებს სამი მიმართულებით მიიღებს - მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერება და მენეჯმენტი. მინისტრის თქმით, უნივერსიტეტში ლექციებს ქართველ პროფესორებთან ერთად წაიკითხავენ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები, როგორც საუნივერსიტეტო სივრცეში, ასევე ონლაინრეჟიმში.
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, უნივერსიტეტს სამედიცინო განათლების კუთხით ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება.
ფონდი "ქართუ" ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტის განვითარებაში 1 მილიარდ ევროზე მეტი ინვერსტირებას ახორციელებს. ფონდის დირექტორი დღეს ადგილზე იმყოფებოდა.
"პირველად საქართველოში მოეწყო სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც მოწყობილი არის ერთიანი კამპუსის პრინციპით. ეს იშვიათობაა არა მხოლოდ საქართველოსთვის და რეგიონისთვის, არამედ მთელ მსოფლიოში ძალიან იშვიათია, - განაცხადა ფონდ "ქართუს" გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა.
იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ქუთაისისთვის საგანმანათლებლო სფეროში ახალი ერა იწყება.