ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი იქცა ნეპოტიზმის და კორუფციის სიმბოლოდ, რომელმაც ერთი წლის მანძილზე ბიუჯეტიდან არამიზნობრივად 700 ათას ლარს ხარჯავს - ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ განაცხადა.
გიგა შუშანიას თქმით, ტურიზმის ცენტრმა მარტიდან დღემდე 130 ათასი ლარი, საკარანტინო ზონებიდან მოქალაქეების სახლამდე გადაყვანაში დახარჯა. როგორც ოპოზიციონერი ამბობს, გაუგებარია, რატომ დაჭირდა ტურიზმის ცენტრს ამ ხარჯის გაწევა მაშინ, როდესაც ცენტრალური მთავრობა საკარანტინო ზონების მომსახურებაზე ათეულობით მილიონ ლარს ხარჯავს.
დღევანდელ ბრიფინგზე გიგა შუშანიამ ასევე განაცხადა, რომ ახალი ლოგოსა და მაისურების დამზადებაში 6,700 ლარი, ხოლო ტუალეტების დიზაინში 1,300 ლარი დაიხარჯა.
ტურიზმის ცენტრის ინფორმაციით კი, ბრალდებები უსაფუძვლოა, რადგან პანდემიასთან ბრძოლაში მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს და თანხაც მიზნობრივად დაიხარჯა. რაც შეეხება საპირფარეშოებს, მოხდა სერვისების გაუმჯობესება და ის გათვლილია შშმ პირებზეც. ლოგოს შეცვლა კი ახალმა რებრენდინგმა განაპირობა, რომლის ფარგლებშიც არაერთი აქტივობაა დაგეგმილი.