"კურიერის" ინფორმაციით, ახალციხეში "ევროპულ საქართველოს" პარტიის რამდენიმე წევრი ტოვებვს. არსებული ინფორმაციით, ისინი "ნაციონალური მოძრაობის" გუნდს შეუერთდებიან. ამ ყველაფერს წინ უძღოდა შეხვედრა ვანო მერაბიშვილთან.
ასევე, "კურიერის" ინფორმაციით, გადაწყვეტილების შესახებ განცხადების გაკეთება ჯერ კიდევ გუშინ იგეგმებოდა და რასაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილიც დაესწრებოდა. ის რეგიონში გუშინ ჩავიდა.
"ევროპული საქართველოს" ახალციხის ოფისის თავმჯდომარე გელა დემეტრაძის განცხადებით, პარტიაში ყველასთვის მისაღებია "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის სავარაუდო კანდიდატი შოთა ჩიტაშვილი და აცხადებს, რომ მას ერთხმად უჭერენ მხარს. თუმცა, გელა დემეტრაძე ამ თემაზე ვანო მერაბიშვილთან კონსულტაციებს უარყოფს.
"კანდიდატი, რომელიც "ნაციონალური მოძრაობიდან" იბრძოლებს მაჟორიტარის მანდატისთვის, ჩვენი გუნდისთვის აბსოლუტურად მისაღებია, ვაჟა ჩიტაშვილს ვგულისხმობ. ჩვენ ერთად მოვდივართ და ერთად ვიბრძვით ამ ხელისუფლების წინააღმდეგ, შეიძლება ითქვას, რომ თანაგუნდელები, თანამებრძოლები ვართ. არ გამოვრიცხავ, რომ მხარი დავუჭიროთ "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს.
ვანო მერაბიშვილი ახალციხეში იმყოფებოდა. მე შევხვდი როგორც ძველი თანამშრომელი, ჩვენ ბევრი რამ გვაქვს საერთო წარსულში და ახლაც, მაგრამ მსგავს თემებზე, მსგავს საკითხებზე ჩემთან საუბარი არ ყოფილა. ბატონმა ვანომ იცის, რომ ვაჟა ჩიტაშვილს მთლიანი გუნდი ვუჭერთ მხარს,"-განაცხადა გელა დემეტრაძემ.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი წევრი არ გამორიცხავს, რომ ვაჟა ჩიტაშვილის მხარდაჭერის გამო პარტიაც დატოვონ.
"ვაჟა ჩიტაშვილი არის მისაღები კანდიდატი. ვანო მერაბიშვილი ჩვენთვის მისაღებია, ჩვენი კუთხის შვილია და ამაზე ორი აზრი არ არსებობს. რომც ეყარა კენჭი ვანო მერაბიშვილს, დავუჭერდით მას მხარს. ვანოს ფაქტორი და ვანოს აზრი ჩვენთვის მისაღებია, მისი ყველანაირი გადაწყვეტილება ჩვენთვის მისაღებია. შეიძლება დავტოვოთ პარტიის რიგები, თუ ამის საჭიროება იქნება,"-განაცხადა მან.
"ევროპული საქართველოს" წევრის, ზვიად მერაბიშვილის განცხადებით, პარტიის ახალციხის ოფისი ვანო მერაბიშვილის მხარდაჭერებითაა დაკომპლექტებული და ისინი ერთხმად დაუჭერენ მხარს იმ კანდიდატს, რომელზეც შეთანხმდებიათ. მისივე ინფორმაციით, ასეთი შეთანხმებული კანდიდატი სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ვაჟა ჩიტაშვილია.
"ახალციხეში არასდროს არ ყოფილა არც "ევროპული საქართველოობა" არც "ქართული ოცნებობა" და არც "ნაცმოძრაობობა", ჩვენ აქ, პირველ რიგში, ვართ ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერები და მისი გუნდი ვართ ყველანი. ზევით სათავეში ვისზეც შეთანხმდებიან და, ჩვენი ინფორმაციით, შეთანხმებული არიან ვაჟა ჩიტაშვილზე, ყველანი დავუჭერთ ვაჟა ჩიტაშვილს მხარს. მას ერთხელ უკვე მოგებული აქვს არჩევნები, მეორე მოგებული არჩევნები წაართვა "ქართულმა ოცნებამ" და მესამეს აუცილებლად მოიგებს. თუ გინდათ "ევროპული საქართველო" დააწერეთ ჩემს სახელს და გვარს ტიტრად, თუ გინდათ "ნაცმოძრაობა,"- განაცხადა ზვიად მერაბიშვილმა.
თავად "ნაციონალური მოძრაობაში" არ გამორიცხავენ, რომ "ევროპული საქართველოს" გუნდის წევრები მართლაც მათ შეუერთდნენ. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, კობა სანდროშვილის განცხადებით, ენმ მსგავს გადაწყვეტილებას მიესალმება.
"თუკი ვინმე ტოვებს რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას და აცხადებს სურვილს, რომ შეუერთდეს "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი იქნება. ჩვენ ველოდით იმას, რომ "ევროპული საქართველოს" რაიონული ორგანიზაცია ბატონ ვაჟა ჩიტაშვილის კანდიდატურას მხარს დაუჭერდა. როცა გარკვეული ჯგუფი პოლიტიკურ პარტიაში ცალსახად აცხადებს მხარდაჭერას სხვა პოლიტიკური სუბიექტის კანდიდატის მიმართ, ასეთ შემთხვევაში სავსებით ლოგიკურია მათ დატოვონ ის პოლიტიკური ძალა და შეუერთდნენ იმ ძალას, რომლის კანდიდატის მხარდაჭერასაც აპირებენ,"- განაცხადა კობა სანდროშვილმა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დათო ბალიაშვილი არ გამორიცხავს, რომ "ევროპული საქართველოს" ახალციხის რეგიონული ოფისის წევრებმა ვაჟა ჩიტაშვილის მხარდაჭერის გამო დატოვონ "ევროპული საქართველოს" რიგები და "ნაციონალური მოძრაობას" შეუერთდნენ.