19 ნოემბერი 2024,   01:43
ვრცლად
თბილისში დროებითი მოთავსების ახალი იზოლატორი და ადმინისტრაციული პატიმრებისთვის განკუთვნილი დაწესებულება გაიხსნა

თბილისში დროებითი მოთავსების ახალი იზოლატორი და ადმინისტრაციული პატიმრებისთვის განკუთვნილი დაწესებულება გაიხსნა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილის თქმით, ორივე შენობა სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. მინისტრის მოადგილის განცხადებით, დაცულია საცხოვრებელი სივრცის მინიმალური სტანდარტი, ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტები, შენობების ინფრასტრუქტურა მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე.

გარდა ამისა, ადმინისტრაციული პატიმრებისთვის განკუთვნილ დაწესებულებაში მოქმედებს დროებითი მოთავსების იზოლატორისგან განსხვავებული რეჟიმი და დაწესებულებაში მოთავსებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ დაკავდნენ დამატებითი აქტივობებით. შენობის გარეთ მოეწყო სასეირნო და სავარჯიშო სივრცე.

შინაგან საქმეთა მინისტრის, ბრძანებით, დროებითი მოთავსების იზოლატორებში მონიტორინგის ჩატარების ახალი ინსტრუქცია დამტკიცდა.

"როგორც მშენებლობისას, ასევე ინფრასტრუქტურული დაგეგმარებისას გათვალისწინებულ იქნა ერთის მხრივ სახალხო დამცველის რეკომენდაციები, ხოლო მეორეს მხრივ წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის რეკომენდაციები. შენობები აღჭურვილია თანამდეროვე ვიდეო- სამეთვალყურეო სისტემით. ორივე შენობა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე. დამატებით ადმინისტრაციული პატიმრობა შეფარდებული პირებისთვის მოწყობილია სასეირნო და სავარჯიშო სივრცე," - განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.

დღის ამბები