17 ნოემბერი 2024,   23:21
ვრცლად
"ქართულმა ოცნებამ" მაღალმთიან აჭარაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ანზორ ბოლქვაძე წარადგინა

პარტია "ქართულმა ოცნებამ" მაღალმთიან აჭარაში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კვლავ ანზორ ბოლქვაძე იქნება, ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში კი შუახევის მოქმედი მერი ფრიდონ ფუტკარაძე დასახელდა.

წარდგენა ქედის მუნიციპალიტეტში გაიმართა. ღონისძიება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გახსნეს. მათ მაღალმთიანი აჭარის ტურისტულ და ბუნებრივ პოტენციალზე გაამახვილეს ყურადღება.

სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამებზე ისაუბრა და თქვა, რომ სოფლის მეურნეობა იქნება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.

"მთავრობა და სახელმწიფო გლეხს მარტო არ დატოვებს არასოდეს, სანამ გლეხი არ გახდება ფერმერი, არ იქნება ძლიერი, არ დაასაქმებს სხვა ადამიანებს და ქვეყნის კეთილდღეობისთვის არ იქნება ფუნდამენტი და მასზე არ დადგება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. ამიტომ, როგორც ყოველთვის, ციტრუსის ნაწილში, როგორც არასტანდარტული, ასევე, სტანდარტული ექსპორტზე გატანის ნაწილში, სახელმწიფო როგორც ედგა აჭარელ გლეხს, ისე დაუდგება მომავალშიც გვერდით. მინდა გისურვოთ გამარჯვება და რაც მთავარია, ყველაზე მნიშვნელოვანია, დარწმუნებულები ვართ, რომ გავიმარჯვებთ. მაგრამ უნდა გავიმარჯვოთ სამართლიან ბრძოლაში,"-განაცხადა პრემიერმა.

კახა კალაძემ აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, "ქართული ოცნების" მმართველობის დროს მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებლების მიმართ დამოკიდებულება უკეთესობისკენ შეიცვალა. 

"ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ქედის მუნიციპალიტეტში, ისევე, როგორც მთლიანად მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ადამიანების მიმართ დამოკიდებულება ფუნდამენტალურად შეიცვალა უკეთესობისკენ. დღეს ისე, როგორც არასდროს ხელისუფლებისგან განსაკუთრებული ყურადღება ექცევა და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სახელმწიფო სიკეთეებისაგან თითოეულმა თქვენგანმა მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ,"-განაცხადა კახა კალაძემ.

ღონისძიებაზე დამსწრეებს სიტყვით მიმართა ანზორ ბოლქვაძემაც და მათ გვერდით დგომას დაჰპირდა. 

"მე გაძლევთ პირობას, ამ ტრიბუნიდან, როგორც მეოთხე გზის დეპუტატი, ვიმუშავებ იმისათვის, რომ, რა თქმა უნდა, ყველა კმაყოფილი არ გეყოლებათ, მაგრამ ვინც ხედავს საქმეს და სიკეთეს, მათ მოვემსახურები და გავუწევ დადებით დახასიათებას, იმ პროგრამების განხორციელებას, რომელიც მთიან აჭარას სჭირდება, იქნება ეს ჯანმრთელობის თუ განათლების პროგრამები, ასევე, ინფრასტრუქტურა. იცით, მსოფლიომ რა გადაიტანა, მაგრამ მე ბატონ პრემიერ-მინისტრს, აჭარის მთავრობას მადლობა უნდა გადავუხადო, რომ არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ გაჩერებულა,"-განაცხადა ანზორ ბოლქვაძემ. 

დღის ამბები