17 ნოემბერი 2024,   23:20
ვრცლად
მმართველმა გუნდმა შუახევში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

მმართველმა გუნდმა შუახევში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. პარლამენტში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის უმღლეს საბჭოში კი ფრიდონ ფუტკარაძე იქნება.

ამომრჩეველთან პირველი შეხვედრა დღეს ქედაში გაიმართა. მხარდამჭერებს კანდიდატები დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ წარუდგინეს.

პრემიერმა შუახევში დაგეგმილ პროექტებზე და მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირებაზე ისაუბრა.

"არავისთან ბრძოლა, ომი ჩვენ არ გვჭირდება. ყველაზე კარგად ვიცით სად, რომელ ქალაქში, სოფელსა და დაბაში რა არის გასაკეთებელი, ამაში ვერავინ გვაჯობებს. ყველაზე ეფექტიანი მთავრობა არის და იქნება, იმიტომ, რომ ორიენტირებულია ადამიანზე. მისი ზრუნვა არის მიმართული იმაზე, რომ თითოეულ ადამიანს, ოჯახს შეუქმნას იმის შესაძლებლობა, ღირსეულად, სამართლიანად და კეთილსინდისიერად იშრომოს და არჩინოს თავისი ოჯახი, ეს არის ჩვენი მიზანი. შუახევს აქვს ყველაფერი იმისთვის, რომ ერთ-ერთი წარმატებული მუნიციპალიტეტი იყოს. ჩვენი მიზანია ძლიერი ეკონომიკა, წარმატებული, სამართლიანი, ევროპული სახელმწიფო და იცოდეთ ყველამ, რომ სწორედ ასეთ სამართლიან ბრძოლაში ჩვენ გავიმარჯვებთ და თქვენ გეყოლებათ ღირსეული წარმომადგენლები როგორც საქართველოს პარლამენტში, ისე უმაღლეს საბჭოში,"-განაცხადა პრემიერმა.

კახა კალაძემ რეგიონში განხორციელებულ სხვადასხვა პროექტებსა და პროგრამებზე ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, მომავალშიც გაგრძელდება. 

"შუახევის შემთხვევაში მინდა გამოვყო ინფრასტრუქტურული პროექტები, ტურიზმის ხელშეწყობა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაფინანსებული სხვადასხვა პროგრამები, სადაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ საკმაოდ ბევრი პროექტი და პროგრამა განახორციელა, რომელიც დღემდე გრძელდება და მომავალშიც გაგრძელდება იმისთვის, რომ გლეხს ხელი შევუწყოთ, სოფლები გავაძლიეროთ. "ქართული ოცნება" ეს ერთადერთი პოლიტიკური ძალაა საქართველოში, რომელსაც ჩვენი ქვეყნის განვითარების, სტაბილურობისა და წარმატების რეალური ხედვა და რესურსი გააჩნია,"-განაცხადა კახა კალაძემ.

დღესვე, "ქართული ოცნების" კანდიდატების ოფიციალური წარდგენა დაგეგმილია ხულოს რაიონშიც.

დღის ამბები