09 სექტემბერი 2026,   01:35
ვრცლად
"იმედია დანარჩენ 4 ბოროტმოქმედსაც დააკავებენ" - Skygirls-ში დაზარალებული ივა ფრუიძე გამოკითხვაზე იმყოფება

ივა ფრუიძე, რომელიც ბარ Skygirls-ის მომსახურე პერსონალს თაღლითობასა და ძალადობაში ადანაშაულებს, დღეს სამართალდამცავ უწყებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

მისი ინფორმაციით, ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებული 2 პირის გარდა ძალადობაში კიდევ 4 მონაწილეობდა  და აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მათ ამოცნობას შეძლებს.

მისივე თქმით, გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს მისი მეგობარიც, რომელიც ინციდენტისას ასევე დაზარალდა.

"მზად ვარ ნებისმიერ კითხვას ვუპასუხო და ინფორმაცია მივაწოდო გამოძიებას. იმედი მაქვს, დანარჩენ 4 ბოროტმოქმედსაც დააკავებენ. მზად ვარ, რომ ამოვიცნო ოთხივე მათგანი. გავიდა დრო, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამას შევძლებ. ნებისმიერ შემთხვევაში, მათი ვინაობის დადგენა არ მგონია გამოძიებისთვის დიდი პრობლემა იყოს. ჩემი მეგობარიც აპირებს გამოძიებასთან თანამშრომლობას და თანამშრომლობს კიდეც. მას ჰქონდა წარბი გახეთქილი, სხეულზე დაბეჟილობები, ხელი ჰქონდა ნაღრძობი,"- განაცხადა ივა ფრუიძემ. 

ივა ფრუიძის ადვოკატის რომან ნადირაძის განცხადებით, ივა ფრუიძეს და მის მეგობარსაც დაზარალებულის სტატუსი მიენიჭებათ. 

"მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. დაკითხულია ბატონი ივა, მისი მეგობარიც. მასაც ტვინის შერყევა აქვს მიღებული და ისიც მიიღებს აუცილებლად დაზარალებულის სტატუსს. გამორიცხული არ არის, ჩატარდეს ამოცნობაც,"- აღნიშნა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, ბარ "Skygirls"-ის, რომლის მომსახურე პერსონალსაც მომხმარებელი თაღლითობასა და ძალადობაში ადანაშუალებს, 2 თანამშრომელი დააკავეს. საუბარია ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, რომელიც არასწორად შედგენილი ანგარიშის გამო გამოთქმული პრეტენზიის შემდეგ დაცვის თანამშრომლებმა კლიენტს მიაყენეს.

დღესვე სამართალდამცველებმა დალუქეს ბარი "Skygirls", სადაც აღნიშნული ინციდენტი მოხდა. 

დღის ამბები