09 სექტემბერი 2026,   04:14
ვრცლად
ინფორმაცია საქართველოს გავლით მებრძოლების გადაადგილებასთან დაკავშირებით არის სიცრუე და მიზნად ისახავს რეგიონში ვითარების ესკალაციას - სუსის უფროსი

დღეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე სომხეთ-აზერბაიჯანს შორის კონფლიქტზე იმსჯელეს. 

სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში სხდომის დეტალების თაობაზე განცხადებები გაკეთდა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა, რომ მთავრობამ რეგიონში ესკალაციის დაწყებისთანავე მიიღო შესაბამისი ზომები და შეაჩერა სამხედრო ტვირთის გადაზიდვის შესახებ ნებართვების გაცემა ორივე ქვეყნის მიმართულებით. 

"მთავრობამ ესკალაციის დაწყებისთანავე გადადგა მნიშვნელოვანი ქმედითი ნაბიჯები, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯები ამ მიმართულებით არის, რომ დროებით შეაჩერა ნებართვების გაცემა საკუთარ ტერიტორიაზე სახმელეთო და საჰაერო მარშრუტებით სამხედრო ტვირთის გატარებაზე, ორივე ქვეყნის მიმართულებაზე. ამის თაობაზე ჩვენი პარტნიორები ინფორმირებულები იყვნენ. ჩვენ მუდმივად ვართ მათთან კონტაქტზე და ყველა ქმედების შესახებ, რაც არის მიღებული საქართველოს ხელისუფლების მიერ, ისინი იყვნენ ინფორმირებული,"-განაცხადა დავით ზალკალიანმა. 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაა იმის შესახებ, რომ თითქოს თურქეთის ტერიტორიდან აზერბაიჯანის მიმართულებით სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მონაწილე არაფორმალური შეიარაღებული ფორმირებები გადაადგილდებიან, დეზინფორმაცია უწოდა. ლილუაშვილმა აღნიშნა, რომ დეზინფორმაციის გამავრცელებლები საქართველოს კონკრეტულ რეგიონში აკეთებენ მოწოდებებს, რათა გადაიკეტოს აზერბაიჯანის მიმართულებით მიმავალი საავტომობილი მაგისტრალი. 

"მინდა გამოვეხმაურო სოციალურ ქსელში გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს თურქეთის ტერიტორიდან აზერბაიჯანის მიმართულებით სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მონაწილე არაფორმალური შეიარაღებული ფორმირებები, თითქოსდა, საქართველოს ტერიტორიის გავლით გადაადგილდებიან. ამავე წყაროებში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხელი შეუშალონ ჩვენს კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში მშვიდობიან თანაცხოვრებას, კეთდება კონკრეტული მოწოდებები, რათა გადაიკეტოს აზერბაიჯანის მიმართულებით მიმავალი საავტომობილი მაგისტრალი. მინდა ხაზი გავუსვა, რომ გავრცელებულ ინფორმაციას მებრძოლების გადაადგილებასთან დაკავშირებით არანაირი საფუძველი არ აქვს, ეს არის სიცრუე და მიზნად ისახავს საქართველოში და, ზოგადად, რეგიონში ვითარების ესკალაციას და დაძაბვას.

უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ყველა გადაწყვეტილება მიიღება რეგიონში არსებული ვითარებისა და მიმდინარე პროცესების დარეგულირების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით,"-განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა. 

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა, რომ სამოქალაქო ტვირთების გადაადგილება ორივე ქვეყნის მიმართულებით შეუფერხებლად მიმდინარეობს. 

"საქართველოს გავლით, სამოქალაქო დანიშნულების, სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვა ხორციელდება შეუფერხებლად როგორც აზერბაიჯანის, ასევე სომხეთთან მიმართებაში. ამაზე მეტყველებს სტატისტიკა. საზღვრის კვეთები რომ ავიღოთ, სამოქალაქო დანიშნულების ტვირთის დატვირთული მანქანების, ის არ შეცვლილა კონფლიქტის განახლების მომენტიდან. დაახლოებით, 750-დან 800-მდე სატვირთო ავტომობილი სამოქალაქო ტვირთით ყოველდღიურად კვეთს საქართველო -აზერბაიჯანის და საქართველო-სომხეთის საზღვარს. უფრო მეტიც, სომხეთის სამოქალაქო ტვირთების გადაზიდვების უფრო მეტად უსაფრთხო და გამართული ფუნქციონირებისთვის ავამოქმედეთ საბაჟო გამშვები პუნქტი ნინოწმინდა-ბავრა, რომელიც ძალიან მაღალი ინტენსივობით ემსახურება ტვირთებს სომხეთიდან მიმართულებით და სომხეთიდან გამავალ ტვირთებს, ინტენსივობა ძალიან მაღალია და ამ კუთხით შეფერხებას ადგილი არ აქვს და არ ექნება,"-განაცხადა ნათია თურნავამ

დღის ამბები