ჯანდაცვის მინისტრის თქმით, კორონავირუსის მართვაში ჩართულ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ხელფასი 50%-თ გაეზრდებათ, ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი დადგენილება დღეს გამოიცემა.
"დღეს მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ეს ეხებათ ექიმებს, რომლებიც ჩართულნი არიან კოვიდის მართვის პროცესში, მათი სამუშაო ანაზღაურების შესახებ არის ეს გადაწყვეტილება. დეტალურად მოხდა დათვლა იმ სახელფასო ფონდის და ექიმების, რომლებიც ჩართულნი არიან პროცესში. მოხდა მათი დაყოფა ჯგუფებად და გუნდებად. ჩვენ დავთვალეთ 70 რეანიმაციულ პოსტზე რეანიმატოლოგ-ექიმთა, უმცროს ექიმთა და ექთანთა სახელფასო ანაზღაურება, ასევე ინფექციონისტების და თერაპევტების, რომლებიც ჩართულნი არიან პროცესში. დღეს გამოიცემა დადგენილება, რომლის მიხედვითაც, პროცესში ჩართულ ყველა ექიმს ექნება 50%-იანი დანამატი იმ ხელფასზე, რომელიც დღეს არის საბაზრო ღირებულება საათობრივ ანაზღაურებაში," – განაცხადა ტიკარაძემ.
ამასთან ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, იგეგმება სხვადასხვა სერვისის სხვადასხვა საავადმყოფოებზე განაწილება, რათა მოქალაქეთათვის სერვისების უწყვეტობის უზრუნველყოფა მოხდეს საქართველოს მთელი ტერიტორიის მასშტაბით.
"ჩვენ უკვე 40-მდე კლინიკა გვყავს ჩართული კოვიდის მართვაში და ძირითადად, ჩვენი გადაწყვეტილება ემყარებოდა მრავალპროფილური კლინიკების ჩართვას, ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ კოვიდის შემთხვევაში, გართულებები გვაქვს სხვადასხვაგვარი და სწორედ აქედან გამომდინარე იყო მნიშვნელოვანი, რომ არჩევანი გაგვეკეთებინა მრავალპროფილურ და მეტად უფრო მასშტაბურ და მოცულობით საავადმყოფოებზე, თუმცა იგეგმება უკვე სხვადასხვა სერვისების გადანაწილება სხვადასხვა საავადმყოფოზე, იმისთვის, რომ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს სერვისის უწყვეტობა საქართველოს ნებისმიერ გეოგრაფიულ ერთეულში და იმ ექიმებისთვისაც, რომლებიც დღეს ვერ აგრძელებენ თავიანთ საექიმო საქმიანობას გამომდინარე იქიდან, რომ სადაც ისინი იკავებდნენ თავიანთ პოზიციებს სხვადასხვა მიმართულებით, ის საავადმყოფოები არ არიან ჩართულები კოვიდ პანდემიის მართვაში, მათ მიეცეთ შესაძლებლობა, რომ დარეგისტრირდნენ სხვა საავადამყოფოებში და შესაბამისი სერვისები უკვე მიეწოდოთ ამ სხვა ლოკაციებზე. ჯანმრთელობის ეროვნულო სააგენტო 15 რიცხვიდან გახსნის პორტალს. კლინიკებს მიეცემათ საშუალება, რომ ნოზოლოგიები და ჩარევები, რომლებსაც ისინი დღემდე არ ახორციელებდნენ, შესაძლებელი გახდეს ამ მიმართულებით ჩართვა. შექმნილია კომისია, რომელიც დეტალურად გაივლის სერვისების უწყვეტობის კომპონენტში ზედამხედველობას. ასევე, იმ ფინანსური ანაზღაურების კომპონენტსაც, რა ფინანსური ანაზღაურების ფარგლებშიც მიეწოდებათ მოქალაქეებს ეს მომსახურება,"- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.