07 მაისი 2024,   04:58
ვრცლად
დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულთა ადვოკატები შეფარდებულ პატიმრობას ზემო ინსტანციაში გაასაჩივრებენ

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებულ პატიმრობას ადვოკატები ზემო ინსტანციაში გაასაჩივრებენ. მათი განცხადებით, საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არის, რაც დაკავებულების დანაშაულს ამტკიცებს.

"მოსამართლემ მხოლოდ საზოგადოებრივი წნეხიდან და ბრალდების სპეციფიკიდან გამომდინარე იხელმძღვანელა. ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ აუცილებლად სააპელაციო სასამართლოში," - განაცხადა ივერი მელაშვილის ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა.

დანაშაულის მტკიცებულებების არარსებობაზე საუბრობს ნატალია ილიჩოვას ადვოკატი სულხან კომახიძეც და აღკვეთის ღონისძიების გასაჩივრებას გეგმავს.

"მოსამართლემ გამოიტანა ის გადაწყვეტილება, რაც პროკურორს უნდოდა და არა ის გადაწყვეტილება, რაც სამართლებრივად იყო დასაბუთებული,"- აცხადებს სულხან კომახიძე.

ბრალდებულების ახლობლები პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობენ.

"რა თქმა უნდა ველოდი, აბა რისთვის იყო ეს საქმე წამოწყებული. თეთრი შავია და შავი თეთრიო გიმტკიცებენ, სამართლიანობის იმედი მაინც მაქვს, მართალია ეს მარიონეტები არაფერს იზამენ, მაგრამ მაინც მაქვს იმედი, რომ რაღაცა გზა გამოჩნდება და ვინმე მაინც სამართლიანად შეაფასებს ამ ყველაფერს," - აცხადებს ივერი მელაშვილის მეუღლე თამარ სულაძე.

შეგახსენებთ, დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება ედებათ.

დღის ამბები