დავით ხვიბლიანმა 3 დღიანი დუმილი პირველად დაარღვია - ყოფილი მძევალი, რომელიც 15 საათიანი ტყვეობის შემდეგ ოჯახის წევრებსაც არ უნახავთ, მშობლიურ სოფელში რამდენიმე საათის წინ დაბრუნდა. დღეს ხვიბლიანს მედიასთან განმარტებების გაკეთება იმ ვერსიებზე მოუწია, რომლის მიხედვითაც სავარაუდოდ, მას ბოროტმოქმედთან კავშირი ჰქონდა. გამოითქვა ვარაუდები, რომ ის, შესაძლოა, შეიარაღებული თავდამსხმელის თანამზრახველი ან ნაცნობი ყოფილიყო.
საზოგადოების ინტერესის მიუხედავად, ყოფილმა მძევალმა უპასუხოდ დატოვა კითხვა - როგორ აღმოჩნდა სენაკის სამხედრო ბაზიდან 21 ოქტომბერს ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალში. მას არც ის დაუზუსტებია, სად იყო ბოლო ორი დღის განმავლობაში და რატომ არ გადიოდა კონტაქტზე ოჯახის წევრებთან. დავით ხვიბლიანი საზოგადოებას ურჩევს, გამოძიებას დაელოდონ.
იქამდე, ვიდრე ყოფილი მძევალი მედიასთან გამოჩნდებოდა, ოჯახი ამტკიცებდა, რომ მის შესახებ არაფერი იცოდა. დავით ხვიბლიანის მშობლებმა ჟურნალისტები ჯერ სამხარეო პოლიციასთან გადაამისამართეს, ადგილობრივ სამართალდამცველებთან კონსულტაციის შემდეგ კი დააზუსტეს, რომ მათი შვილი სენაკის სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდა, თუმცა კომენტარი თავად ხვიბლიანმა სახლთან გააკეთა.
მომხდარიდან მესამე დღეს ზუგდიდში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე პასუხგაუცემელი კითხვების რაოდენობა გაიზარდა. გამოძიება საჯაროდ არაფერს ამბობს. ოფიციალურ განმარტებამდე კი, ყველა მხოლოდ ვერსიებზე საუბრობს. ფაქტია, რომ დაორგანიზებულ დანაშაულს შესამჩნევად ერთი პირი მართავდა, რომელიც ყველა შესაძლო სცენარისთვის წინასწარ მომზადებული იყო.
მასშტაბურ ოპერაციაში ახალი ფიგურანტი პირველად "კურიერის" ექსკლუზივით გაჩნდა. "რუსთავი 2-მა" პირველმა, მომხდარიდან რამდენიმე საათში გაარკვია, ვინ მიიყვანა ამ დრომდე ძებნილი პირი "საქართველოს ბანკთან".
ბანკზე შეირაღებული თავდასხმიდან მესამე დღეს დამნაშავე ისევ იძებნება. პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა კირცხის ტყის გავლით არსებულ გზებზე. იქ, საიდანაც მძიმე დანაშაულში მხილებული პირი უკვალოდ მიიმალა.