27 აპრილი 2024,   03:50
ვრცლად
COVID-19 მსოფლიოში - წითელ ზონად ქცეული ევროპის სახელმწიფოების ჯანდაცვის სისტემა კვლავ გამოწვევის წინაშეა

გაზაფხულის შემდეგ უკვე მეორედ ევროპა წითელი ზონაა. კონტინენტის სახელმწიფოების ჯანდაცვის სისტემა კვლავ გამოწვევის წინაშეა. შესაძლოა ევროპამ მეორე ტალღის პირობებში გაორმაგებული ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების გამო, ინტენსიური თერაპიის განყოფილებები მძიმე პაციენტების უზრუნველყოფა ვეღარ შეძლოს.

ინფიცირების შემთხვევები ყოველდღიურად რეკორდულია - ამ ფონზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საზოგადოებას პასუხისმგებლობის გამოჩენისა და გაცემული რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს.

ევროპა რეგულაციებს კიდევ უფრო ამკაცრებს. ბოლო კვირების განმავლობაში, კონტინენტის უმეტეს სახელმწიფოს, პანდემიის მეორე ტალღასთან გამკლავება - იზოლაციისა და რეკორდულად მზარდი მონაცემების ფონზე უწევს. ყველაზე რთული ვითარება ისევ საფრანგეთშია, სადაც ბოლო 24 საათში, ვირუსის 60 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. ფრანგი სამართალდამცველები ქუჩებში კარანტინის რეჟიმს მკაცრად აკონტროლებენ. კარანტინი გამკაცრებულია იტალიის ზოგიერთ რეგიონში - ლომბარდია, უკვე მეორედ წითელ ზონად გამოცხადდა. ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები გაზრდილია გერმანიაშიც. ევროპელი სამართალდამცველები ქუჩებში კარანტინის რეჟიმს მკაცრად აკონტროლებენ.

ე. წ ლოქდაუნია საბერძნეთში - ქვეყანაში 3 კვირიანი კარანტინი დღეიდან შევიდა ძალაში. დაცარიელებული ქუჩებისა და შექმნილი ეკონომიკური კრიზისის გამო უკმაყოფილო ბერძნები ქუჩაში მასშტაბურ გამოსვლებს აანონსებენ .

ოთხკვირიანი კარანტინს აწესებს ლატვიაც. ქვეყანაში დახურულ სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრება აიკრძალება. რესტორნები კი მომხმარებლებს მხოლოდ მიტანის სერვისს შესთავაზებენ .

კვლავ რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდული 127 ათასი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მზარდია ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებიც. კორონავირუსი დაუდასტურდა თეთრი სახლის აპარატის უფროსსაც.

მსოფლიოში შექმნილი კრიზისის გამო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სახელმწიფოების ლიდერებს, მეტი პასუხისმგებლობისა და ცხელ წერტილებში COVID-19 -ის წინააღმდეგ მყისიერი რეაგირებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა .

კორონავირუსით ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი შენარჩუნებულია მეზობელ სახელმწიფოებშიც. აზერბაიჯანმა რამდენიმე ქალაქსა და რაიონში კაფეები და რესტორნები დახურა. მძიმე პაციენტების ინტენსიური თერაპიის განყოფილებით უზრუნველყოფას ვეღარ ახერხებს რუსეთის ზოგიერთი რეგიონი. ქვეყანაში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 20 ათას გასცდა, უკრაინაში ეს მონაცემი 10 ათას, თურქეთსა და სომხეთში კი 2 ათასს აჭარბებს.

დღის ამბები