დღეს, 21 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის პარალელურად, საერთო ოპოზიციურ ფორმატში არცერთი აქცია არ გაიმართება. შესაბამისი გადაწყვეტილება ოპოზიციურმა პარტიებმა გუშინ მიიღეს.
მათი თქმით, არჩევნების მეორე ტურს პროტესტს იგნორირებით გამოუცხადებენ. მათ "კურიერთან" ის მიზეზებიც განმარტეს, თუ რატომ გადაწყვიტეს მეორე ტურის ბოიკოტირება.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში, შეიქმნებოდა დემოკრატიის იმიტაცია, ამიტომ არც ოპოზიციის წევრები და არც მათი მხარდამჭერები არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ. არჩევნების მეორე ტური ხატია დეკანოიძეს კომუნისტურ წყობილებას აგონებს, სადაც ამომრჩეველი მხოლოდ ერთ კანდიდატს აძლევდა ხმას.
ალეკო ელისაშვილი კი ამბობს, რომ "ეს არ არის არჩევნების მეორე ტური, ეს არის გაყალბების მეორე ტური". შესაბამისად, ის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და ამომრჩეველსაც არ მოუწოდებს, საარჩევნო უბნებზე მისვლისკენ
"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ოპოზიციას ბოიკოტირების გარდა სხვა არჩევანი არ რჩება.